
მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადადის, ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს:
"მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, იმის გამო რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.
ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)
გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.
ახლა კითხვებზე პასუხის:
რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან?
- მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედ პერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი!!!
თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები, საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისევე უკეთესი იქნება", - წერს ნოდარ მელაძე.
ირაკლი ვაჩიბერიძე ადასტურებს ინფორმაციას კარანტინში გადასვლის შესახებ და ამბობს, რომ ჯერჯერობით, დავირუსების საფრთხის მიმანიშნებელი არანაირი სიმპტომი არა აქვს.
ასევე, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია ერთ-ერთია მათგანიდან, ვინც მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში გახლავთ. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღწერს. რა გზა გაიარა ინფექციურიდან თვითიზოლაციამდე.
"ინფექციურიდან თვითიზოლაციაში დაბრუნებულის დღიურიდან:
ფილტვები სუფთაა - ეს იყო პირველი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანი, დამაიმედებელიც, მაგრამ არასაკმარისი. შემდეგ სისხლის კვლევა, ასევე კარგი პასუხით. მთავარი მაინც წინ იყო - ლუგარის ლაბორატორიის შედეგი. ეს პასუხი კი ღამის 1-2 საათამდე შუალედში უნდა მოსულიყო. დრო კი საშინლად იწელებოდა, ისევ ფეისბუქის ვიდეოზარებმა და რამდენიმე მეგობართან მესიჯობამ გადამატანინა.
ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლამ. მშვიდად მომისმინეს, მერე ასევე მშვიდად გადაწყვიტეს, რა გაეკეთებინათ და როგორ. ამ საგიჟეთში და ისტერიკაში, რაც გარეთ ხდება და რაც თითოეულს გვჭირს, ესენი როგორ ახერხებენ ასე ორგანიზებულად პაციენტების პატრონობას, დამშვიდებას და მკურნალობას, მართლა არ ვიცი.
მადლობა მათ. განსაკუთრებით მარიკა ტუღუშს და თამრიკო ქარველიშვილს, ეს ექთანი კი გუშინ ჩემი იმედი იყო.
თქვენ არ იცით, როგორ ფუსფუსებენ პაციენტებით სავსე საავადმყოფოს დერეფნებსა თუ ოთახებში ეს თეთრკომბინიზონიანი ექიმები და დღეში რამდენჯერ უწევთ ამ ე.წ ეკიპირების ჩაცმა და გახდამ რომ ინფექცია სხვა ადამიანთან სხვა პალატაში არ მიიტანონ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ და როგორ გულით აკეთებენ ამას. უნდა გენახათ მათი სახეები და ემოციები, როცა ლუგარის ლაბორატორიიდან დოკუმენტი მიიღეს და იქ უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს, ზუსტად ის რეაქცია ჰქონდათ, რაც მე. გამომიშვეს სახლში და ვაგრძელებ თვითიზოლაციას"- წერს ნატალია ქაჯაია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე