თამთა ჩაჩანიძე
11.03.2020

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს,ლეტალური შემთხვევები ძირითადად მაღალასაკოვან ადამიანებში ფიქსირდება, 80% სიკვდილიანობის 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, რომელთაგან 50%-ს თანხმლები დაავადებებიც უფიქსირდებოდათ.

უკრაინაში, ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საბჭოსთან არსებულმა მთავარმა სიტუაციურმა ცენტრმა, რომელიც მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ვითარებას აკვირდება, რისკ-ჯგუფები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოავლინა.

კვლევის თანახმად, 10-დან 39 წლამდე ადამიანების დაინფიცირების ალბათობა ყველაზე ნაკლებია, დაახლოებით 0.2%, 40-49 წლის ადამიანების- 0,3%, 50-59 წლის ადამიანებში რისკი 1,3%-ია, 60-69 წლის ასაკის გჯუფებში - 3.4%, ხოლო 70-79 წლის პირებში - 7.8%.

ყველაზე დიდი რისკის ზონაში 80 და მეტი ასაკის ადამიანები არიან, რომელთა მაჩვენებელი 13,5% -ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის:

„ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. რა მოხდა - გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან, როგორც გრიპისგან. 50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6%-ია სიკვდილიანობა. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და არავინ ამის გამო წინასწარ არ ვწვებით.რეკომენდაცია ყველას მხრიდან და განსაკუთრებით, 50 წლიდან ზემოთ, უნდა შესრულდეს მკაცრად - უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი და სხვა; გარდა ამისა, უნდა დაიბანონ ხელები ხშირად, ვინაიდან, ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".

გავრცელებული ინფორმაციით ბავშვებში დაინფიცირების რისკი მინიმუმია, თუმცა სამშაბათს საქართველოში ბავშვის დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოზარდთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ამბობს, რომ მას ვირუსი არ გაურთულდება.

„ბავშვებში შემთხვევები მართლაც იშვიათია, შესაბამისად ეს ბავშვიც სტატისტიკურად გამონაკლისებშია მოხვედრილი, უბრალოდ საბედნიეროდ მოლოდინი არაა, რომ ამ ბავშვს რამე გაურთულდება, ამ ასაკის ბავშვებში რაიმე ტიპის გართულებები უკიდურესად იშვიათია, შესაბამისად, რაც ზოგადი ეპიდემიოლოგიური კვლევებითაა დადგენილი ასაკობრივი ჯგუფები ისევ იმ სახით რჩება ძალაში.

„დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი 80 წლის ზემოთაა, შემდეგ უფრო დაბალ ასაკში რისკი კლებულობს, მაგრამ 60 წელს ზემოთ მაინც მნიშვნელოვანი რისკია.

„როგორც ჩანს სკოლებში სწავლება 16 მარტს არ დაიწყება და ამას სპეციალისტებიც ვეთანხმებით, მაგრამ მშობლებს გვინდა ვუთხრათ, რომ რადგან სკოლებში სწავლება არ მიმდინარეობს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს არდადეგებია და შეუძლიათ სკოლის გარდა სხვაგან ყველგან თავშეყრის ადგილებში იარონ, რასაც ახლა ვამჩნევთ, ფაქტიურად თავშეყრის ადგიოლებში ბავშვებიც არიან, რაც მიზანშეწონილი არაა და ნაკლებად უნდა იარონ, სკოლის დახურვა იმიტომ არის გამიზნული, რომ ბავშვები სახლში მეტად დარჩნენ.

„ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და ხანდაზმულებმა უნდა ეცადონ, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავშეყრის ადგილებში არ იარონ და მაქსიმალურად სახლში იყვნენ," - განაცხადა ბუწაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, 10 მარტს კი პირველად კორონავირუსი 12 წლის მოზარდს დაიდასტურდა, გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×