
„ნებისიმიერი შეთანხმება სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის ყოველთვის კარგია ქვეყნისთვის და საუბარი იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვა, ერთმა თუ მეორე მხარემ, ნაადრევია, რადგან გამარჯვებული იქნება ის ვინ რა შედეგს მიიღებს არჩევნებში" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იმართება იმ სისტემით, რომელიც მისაღებია ყველასთვის, ასეთი შეთანხმება საკმარის ლეგიტიმურობას აძლევს საარჩევნო კანონმდელობას, რათა საარჩევნო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან საჭიროა არაერთი ნორმის გასწორება, რომელიც არის საარჩევნო კანონმდებლობაში. ჯერ-ჯერობით ეს გასაკეთებელია და ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი; მაგალითად როგორ შეიქმნება საარჩევნო ოლქები. საარჩევნო ოლქები მაქსიმალურად დაბალანსებულად უნდა გადანაწილდეს. ვფიქრობ, რომ თბილისში უნდა იყოს არა 7 საარჩევნო ოლქი, რომელის შესახებაც უკვე განაცხადა სახელისუფლებო პარტიამ, არამედ თბილისისთვის აუცილებელია იყოს 8 საარჩევნო ოლქი და ეს ტექნიკურად ძალიან ადვილად მისაღწევია.
სხვა ნორმებიც არის შესასწორებელი კანონმდებლობაში და ამას სჭირდება მუშაობა, მაქსიმალურად პოზიციების შეჯერება და არა ხელების გადაგრეხვით მოქმედება. მნიშვნელოვანი ასევე შეთანხმება იმაზე, რომ პარტიამ, რომელიც ვერ მოიპოვებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს. ამით მაღალია ალბათობა იმისა, რომ პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა და მოუწევთ ერთმანეთის მოსმენა და ანგარიშის გაწევა. ბოლოს და ბოლოს აღარ იქნება ასეთი მიდგომა „მე ვარ და ჩემი ნაბადი".
რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს ე.წ. პოლიტპატიმართა საკითხს, ეს შეთანხმება დიპლომატიური ენით დაიწერა, მაგრამ ყველას ცოდნოდა ამაში რა იგულისხმება. ამიტომ ამ თემის წინასწარ გაღვივება, ჩემი აზრით, არის კონტრპროდუქტიული. შედეგს რასაც დავინახავთ, მერე შევაფასოთ. უკეთესი იქნება რომ აღარ გამწვავდეს ეს საკითხი, რადგან საკითხის გამწვავება არ მოგვცემს იმ შედეგს, რაც არის რეალურად ჩადებული იმ ერთ აბზაცში.
რამდენად ნორმალურად წავა პროცესი, ამ დროისთვის საფუძველი იმისა, რომ ნორმალურად წავა, არის, მაგრამ ეს არ არის გარანტია. ვიდრე კონსტიტუციაში არ შევა ცვლილებები და სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული, იმის თქმა, რომ მორჩა, ნაადრევია, რადგან გვინახავს, რომ შეთანხმება დარღვეულა, რაც ძალიან ცუდია," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.