
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან 11 მარტს გაწერეს - ამის შესახებ ბჟანიას შტაბის წარმომადგენელმა ალხას ჩოლოქუამ განაცხადა. მისი თქმით, მათი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და ამჯერად მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.
მისივე თქმით, მოსკოვში ვიზიტი არცევნებთან დაკავშირებული მორიგი შეხვედრაა,ხოლო მისი აფხაზეთში დაბრუნება სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის იგეგმება.
ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა, იგი სასწრაფოდ სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბჟანია ხელოვნურად შეიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში. შემდეგ იგი რუსეთის კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
5 მარტს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბჟანიას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო რვა მარტს კი მან საკუთარ მომხრეებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია აუდიო ჩანაწერის საშუალებით მიაწოდა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბჟანიას მოსკოვში ვიზიტი რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზეთის კურატორების დანიშვნას უკავშირდება.
„აფხაზეთში დიდად სიტუაცია მაინცდამაინც აღარ შეიცვლება, ბჟანიას პრეზიდენობა უკვე დადგენილი ფაქტია,აქ საუბარი უკვე მისი დაავადების გართულების ფაქტორზე იყო, თუმცა გამოწერეს,მარტში ბჟანია უკვე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი გახდება.
„ბჟანიას მთავარი იდეაა, რომ ყველასთვის სასურველი პრეზიდენტი გახდეს, მან ეს იდეა ანქვაბისგან გადმოიღო, ასე რომ ეს პრინციპში ოკუპირებული აფხაზეთისათვის ახალი პოლიტ-ტექნოლოგია არაა, განსხვავება ისაა, რომ ბჟანიას უფრო მეტი ხალხის მხარდაჭერა აქვს, ვიდრე წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ, იგი გარკვეული პრინციპულობით გამოირჩევა და შესაბამისად მას განსხვავებული პოლიტიკური, ფსიქოლოგიური თვისებები აქვს, ვიდრე სხვებს.
„ბჟანია მოსკოვში იმიიტომ მიდის, რომ ჯერ ერთი პოლიტიკური ელიტა შეიცვალა და ლიბერალური კლანი მოვიდა, მეორე ის რომ აფხაზეთის კურატორის დანიშვნა მოხდა, სხვათაშორის კრემლმა ერთდროულად სამი კურატიორი დანიშნა, პრეზიდენტის, მთავრობის და უშიშროების საბჭოს დონეზე.
„ფაქტიურად ყირიმის ათვისების შემდეგ, კრემლმა როგორც ჩანს უკვე დე ფაქტო აფხაზეთისთვის მოიცალა და დაკაპიწებული ხელებით გადაერთო, დიდი ალბათობაა, რომ ასეთივე შემართება ცხინვალის მიმართულებითაც გამოიჩინოს, ეს ჩვენთვის საკმაოდ საგანგაშოა, ამიტომაცაა, რომ ბჟანიას ქართულ მხარესთან დიალოგი უნდა, ესეც კრემლის გეგმის შემადგენელი ნაწილია და როგორც ჩანს პუტინს ე.წ. ჭკვიანი ძალით საქართველოში სურს, რომ თავისი გავლენები დე ფაქტო აფხაზეთის მეშვეობით განახორციელოს."-განაცხადა მაისაიამ.
ორი თვის წინ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სოხუმში არეულობისა და პრაქტიკულად „სახელმწიფო გადატრიალების" მიზეზი გახდა. მაშინ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო, რის შემდეგაც ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები" დაინიშნა, რომელიც 22 მარტს გაიმართება.