ია აბულაშვილი
11.03.2020

„თუ ოპოზიციის პიარ ლოგიკას გავყვებით, ეჭვგარეშე მიაჩნიათ, რომ "ოცნება" დამარცხდება, მაგრამ ოპოზიცია ჯერ-ჯერობით მარცხდება როგორც სოციოლოგიაში, ისე ყველა არჩევნებში. ამ ფონზე ლაპარაკი, რომ არიქა "ოცნება" დამთავრდა და ოპოზიცია აიღებს მართვის სადავეებს, საკუთარი ამომრჩევლისთვის ტყუილი იმედის მიცემაა. "ოცნების" ძლიერ მხარედ კი კვლავ რჩება ამომრჩევლის განწყობა, თუ არა "ოცნებას" აბა ვის მივცე ხმა?"- ასე ეხმაურება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით. კანონპროექტში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ამ დღეებში მოხდება, სავარაუდოდ განისაზღვრება საარჩევნო ბლოკების საკითხიც.

"შეთანხმება ყოველთვის კარგია და ამ შემთხვევაში ორივე მხარემ უკან დაიხია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ არსებობდა მესამე მხარე დასავლეთი, მათ გაუწიეს ანგარიში. როგორც ჩანს, დასავლეთი კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით, რაც ალბათ მალე აისახება საქართველოსთან მიმართებაში ახალ დოკუმენტებში.

რაც შეეხება შანსებს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ახლა გააცნობიერა მაჟორიტარების პერსპექტივა და ამიტომ ითხოვს მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის გაზრდას, მაშინ როცა მთლიანად პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში რა თქმა უნდა იმედი აქვთ, რომ ბევრი პარტია შევა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია, ერთი ან ორი კაცით შესული პარტია, შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვტილების მიღებაზე?

შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთობას არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი სიიდანაც, ვინ უნდა იყაროს კენჭი მაჟორიტარად თბილისში, მკაფიოდ ჩანს რომ ამ ერთობაში წამყავანი როლი აქვს ორ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", სხვა პარტიები დიდად არ ადარდებთ. არჩევნების მოახლეოებასთან ერთად კი ეს ორი პარტია ერთმანეთის კონკურნეტი გახდება. ოპოზიციის პიარ ლოგიკას თუ გავყვებით, ეჭვგარეშე მიაჩნიათ, რომ "ოცნება" დამარცხდება. მაგრამ ოპოზიციას ჯერ არც ერთი არჩევნები არ მოუგია, არჩევნებშიც და სოციოლოგიაში ყველაგან მარცხდება. ამ ფონზე ლაპარაკი რომ არიქა "ოცნება" დამთავრდა და ოპოზიცია აიღებს ხელში მართვის სადავეებს, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ამომრჩევლისთვის ტუყუილი იმედის მიცემაა.

რაც შეხება "ოცნებას", მის ძლიერ მხარედ კვლავ რჩება ამომრჩევლის განწყობა, თუ არა "ოცნება" ვის მივცე ხმა?" მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ამომრჩეველს ბევრი მიზეზი აქვს გულისგასატეხად" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×