ელზა პაპოშვილი
11.03.2020

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში კი 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვა თუკი ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და რა პრევენციები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შიდა გავრცელება არ მოხდეს. 

10 მარტს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილ საქართველოს  200 მოქალაქიდან 7–ს ვირუსი დაუდგინდა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საზღვარზე შეჩერების გარდა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შიდა გადადების ფაქტები არ დავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია დამძიმდება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა. 

საქართველოს ხელისუფლებამ კი ვირუსით დაინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო 2-ს აღენიშნება შედარებით მძიმე სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გარდა არდადეგების გახანგრძლივებისა, საბჭომ კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო:  საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა კი ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. 

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს. ხოლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში. 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით კი „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ვატო სურგულაძემ და ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს.

მათი განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იზოლირებული უნდა იყვნენ ერთ საავადმყოფოში, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები კი ცალკე დაწესებულებაში უნდა განთავსდებიან.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და ვირუსის გავრცელების რისკების შემცირება. ამისთვის აუცილებელია, მთავრობამ გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას საჯარო სექტორის, საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით”, - აცხადებს ვატო სურგულაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ რისკს დაავადების გავრცელება წარმოადგენს.

„ამისათვის საჭიროა: თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, დასჯის მექანიზმებზე მსჯელობა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის გამოცხადება, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის გამოყენება, როცა ინფიცირებული პაციენტი იზოლირებული იქნება, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები განთავსდებიან ცალკე დაწესებულებაში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ქალაქების კარანტინისთვის, რომ რამდენიმე ქვეყნის ცუდი მაგალითი არ განმეორდეს”,-აღნიშნა სურგულაძემ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ მოერევა ამ პრობლემას თუ თვითონ მოქალაქეების  უდიდესი პასუხისმგებლობით არ იქცევიან.  მისი თქმით, აუცილებელია, რომ სამოქალაქო თვითშეგნება გამოვიჩინოთ და მათაც კი ვინც საზღვარგარეთ არ ვყოფილვართ გარეთ გასვლა შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ. 

„ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ გარედან ვირუსისი შემოსვლას. თუმცა ნაკლებ ყურადღებას იმას, თუ კი ვირუსის ქვეყანაში გავრცელება მოხდება, რა გეგმა გვაქვს . ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის?  ჯერ არ ვიცით ამინდი მოგვეხმარება თუ არა და ეს დადგენილი არ არის. ამიტომაც მარტო ხალხის თვითიზოლაციის იმედად არ უნდა ვიყოთ. 

ღმერთმა დაგვიფაროს და თუ კი სიტუაცია გართულდება ჰოსპიტალურად ამის მზაობა გვაქვს? თუ კი ადამიანებს ვერ ვაიძულებთ თვითიზოლაციას, ამას კანონით ვერც შევძლებთ და მათ  სამსახურებში იარეს, მაშინ საზღვრები სულ, რომ ჩავკეტოთ, ქვეყანაში ისეთი მასობრივი გადადება გვექნება,  არაფერი გვიშველის. მთავარობა გადაწყვეტილებას ემოციურად კი არ უნდა იღებდეს, კალკულაციას უნდა აკეთებდეს, ჯანდაცვის რისკი რამდენია და ეკონომიკური ზარალი რამხელაა. ეკონომიკური ზიანი ასე თვითიზოლაციით  უფრო დიდი იქნება“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×