
ძლივს გამყარებული ეროვნული ვალუტა უფასურდება. სავალუტო ბაზარზე სპეკულაცია დაიწყო. 2 დღეში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,77-დან 3,0-მდე გაიზარდა. გუშინ “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში, გაცვლითმა კურსმა 2.96-იან ნიშნულ მიაღწია, ხოლო კომერციულ ბანკებში 3,0-ს გადააჭარბა. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ მხრივ სრული სიმშვიდეა, მათი ვალუტები სტაბილურია და პრაქტიკულად, არსად დევალვაცია არ შეინიშნება.
სამეზობლოში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მათი ვალუტები სტაბილურია. თურქული ლირა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთოდ არ გაუფასურებული, არც აზერბაიჯანული მანათი. მხოლოდ რუსეთში, რამდენიმე დღის წინ 1 დოლარი 65 რუბლიდან 75 რუბლამდე გაიზარდა, მალევე გამყარება დაიწყო და 70-მდე ჩამოვიდა. რაც შეეხება უკრაინული გრივნას, 1 დოლარი 25.5 ღირდა და ახლაც იგივეა. სომხური ვალუტა კი კარგა ხანია უმნიშნვნელოდ - 478-483 დრამის ფარგლებში მერყეობს.
ასეთ ფონზე, როგორც ყოველთვის, გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა.
რამდენიმე დღეა, სავალუტო ბაზარზე პანიკაა. ლარის პოზიტიური გამყარება წარსულში დარჩა და ახლა მხოლოდ იმის იმედიღა შემორჩა, რომ ეროვნულმა ვალუტამ კიდევ ერთი ანტირეკორდი არ დაამყაროს.
ეროვნული ვალუტა არანორმალურად ეცემა. “რეზონანსთან” სამთავრობო წრეებთან დაახლოვებული პირები ამბობენ, ვითარება დრამატული იქნება და ლარი 2.95-3,0-ის ფარგლებში იტრიალებს.
ფინანსისტები კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას გამორიცხავენ. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის ახლანდელ ვარდნა წმინდა წყლის სპეკულაციური პროცესებითაა გამოწვეული და ეპიდემიის შიში არაფერ შუაშია.
“საქართველოში ვალუტის კურსის პრონგოზირება შეუძლებელია. მისი კურსი ყალიბდება საკმაოდ სპეციფიკურ მდგომარეოში. მაგალითად, რუსეთში სავალუტო ბირჟაზე არსებობს დამცავი მექანიზმები, ადგენენ ქვედა და ზედა ზღვარს, ვალუტის გაუფასურების ანდა გამყარების შემთხვევაში. თუ ვაჭრობა ამ ზღვარს გასცდება, მაშინ პროცესს აჩერებენ, ხურავენ ბირჟას და მათ ეროვნულ ვალუტას გაუფასურების საშუალებას არ აძლევენ. ჩვენთან ეს მექანიზმი არ არსებობს. ეროვნულმა ბანკმა ამისთვის არ იზრუნა. შესაბამისად, კომერციული ბანკების გაცვლითი ოპერაციების აქტივობაზე არის დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის ბედი.
რაც შეეხება ლარის ახლანდელ ვარდნას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციური პროცესებით გამოწვეული. კომერციული ბანკები და “ბლუმბერგის” სისტემაში ჩართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ სასწრაფოდ მოითბონ ხელი და დამატებითი შემოსავალი მიიღონ ამ სავალუტო ვაჭრობებით.
საქართველოში კურსის ვარდნა არის სუფთად ხელოვნური. ის არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ პროცესებთან. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად ხელი აიღო ვალუტის მხარდაჭერაზე. მისი იშვიათი და მწირი მოცულობის ინტერვეციები, ფაქტობრივად, გავლენას ვერ ახდენს სავალუტო ბაზარზე. ასეთ დროს სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ყოველთვის ხარჯავენ სავალუტო რეზერვებს სწორედ კრიტიკული სიტუაციისთვის, რომ ვალუტა არ გაექცეთ და ინფლაცია მოთოკონ.
ჩვენთან პროცესები ვითარდება ყოველთვის უფრო მძიმედ, რადგან ეროვნული ბანკის მხრიდან ამ საკითხების სათანადო რეგულირება არ არსებობს.
არ მიმაჩნია, რომ მთავრობა რაღაცაში იყენებს ლარის დევალვაციას. პირიქით, გაუფასურება "ურტყამს" ბიუჯეტს, რადგან შემოსავაბს ამცირებს. მთავრობას ასეთ ვითარებაში ლარის კურსის გაუფასურება არ უნდა აწყობდეს, აქ კერძო ინტერესებია", - უთხრა “რეზონანს” ლია ელიავამ.
საბირჟო სფეროს ანალიტიკოსთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული ლარის მძიმე ვითარება, კორონავირუსთან კავშირში არ არის.
“ლარის ამჟამინდელი და ასთი გაუფასურება კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის. ჩემი მხრიდან, ამის გამომწვევი მიზეზების დასახელება უპრიანი არ იქნება. ნუ დააბრალებენ იმას, რასაც სხვა აშავებს. ძალიან ცუდია, ხალხი მშიერი მოკვდება. მეტი რამის თქმა არ შემიძლია, აღარაფრის აღარ მჯერა”, - განუცხადა “რეზონანსს” საერთაშორის კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ასეთი მძიმე სურათის პარალელურად, სებ-ში ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკა არ შერბილდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამის მიზეზს ვერ ხედავს.
„ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევხედოთ რა ვითარებაა. 2014-2015 წლებში ვალუტის გაუფასურება იყო დაახლოებით, 50%, მაგრამ მაშინ ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. სიტუაცია განსხვავებული იყო 2019 წელს. შარშან მხოლოდ ჩვენთან უფასურდებოდა ვალუტა მაშინ, როცა იგივე 2014 წელს სხვა რეგიონული ვალუტებიც ეცემოდა. ანუ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი 2019 წელს.
შემდეგ კვირაში არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და მანამდე ჩვენ ვაანალიზებთ და ვეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რომელიც მუდმივად ვრცელდება. სიტუაციას ყველანაირად ვაფასებთ, რა თქმა უნდა, ჯერ პირობის მოცემა არ შემიძლია, თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ გადაცემა „საქმის“ ეთერში.
ლარის არანორმალური გაუფასურების გამო საბოლოოდ შეწყდა საუბარი რაიმე ტიპის პროდუქტისა და მომსახურების გაიაფებაზე, რომელზეც ბოლო ბოლო 2 თვის განმავლობაში ხშირად საუბრობდნენ. დღეს ეს საკითხი აღარ განიხილება.