
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში აღმოჩნდეს.
აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ამ დადგენილი წესების თანახმად,საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ.
„მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან.
ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.
გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას" - განაცხადა გახარიამ.
კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ პანდემიის გამო, შესაძლოა მოსახლეობამ მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, რის შედეგადაც ავიაკომპანიები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, ხოლო ქვეყანა ეკონომიკური კუთხით შესაძლოა სრულიად ახალ რელსებზე გადავიდეს.
„ეკონომიკური პრობლემები, რომ გაჩნდება, ამას ლაპარაკი არ უნდა და პანდემიის შემდეგ მთელი ეკონომიკა საერთოდაც ახალ რელსებზე გადალაგდება. სერიოზული ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა ავიაკომპანიებს კრიზისი ექნებათ, რა თქმა უნდა, კრიზისი ექნებათ დიდ საწარმოებსაც.
„მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მგზავრობას მოერიდება, როდესაც არ ერიდებოდნენ, მიხვდნენ რა შედეგიც გამოიღეს და ახლა მითუმეტეს უფრო მეტად მოერიდებიან, რითაც ავიაკომპანიებს ძალიან დიდი პრობლემები გაუჩნდება.
„სახელმწიფოს ძალიან მძიმე გამოცდა ელის, უკიდურესად მძიმე და ეს სახელმწიფო არაა მხოლოდ „ქოცი" და „ნაცი", ამიტომ პოლიტიკური ძალები მიხვდებიან, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ თვითონ თავიანთი რადიკალიზმით და აგრესიულობით კორონავირუსს ვერ მოერევიან, რომ სრულიად სხვა პოლიტიკა უნდა აწარმოონ, რომ ადამიანების მიმართ შემწყნარებლები უნდა იყვნენ" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პანდემიას ქართული საზოგადოება ღირსეულად შეხვდა.
„ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი გენეტიკური მახსოვრობა აქვს, წარმოუდგენლად დიდი, როგორ შეუძლიათ, რომ ყველაზე მძიმე პრობლემებს ირონიით შეხედონ. გუშინ ერთმა პატარა ვიდეორგილმაც კი აჩვენა ეს დამოკიდებულება, ახალგაზრდა ქალი ყვებოდა, რომ თუ მიქელ გაბრიელი წამიყვანს, ეგეც არაუშავსო...
„ჯანმრთელობა რომ მთავარი პრობლემა იყო, აქამდე ვერც „ქოცი" ხვდებოდა ვერც „ნაცი". სამყაროში რომ სხვანაირადაა დალაგებული იერარქია და ეს იერარქია პოლიტიკაზე რომ არაა აწყობილი, მაგასაც ვერ ხვდებოდნენ - ქართული საზოგადოება ყველაზე უფრო ჯანმრთელი აღმოჩნდა იმ კოშმარების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ახლა ხდება.
„მსოფლიომ პანდემია გამოაცხადა და რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არსებობს, მაგრამ, ამას საქართველოში ღირსებით სავსე ადამიანები შეხვდნენ, აღარ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც ამის მენეჯმეტს ეწევა - დაწყებული გამყრელიძით, დამთავრებული ინფეციონისტით, ოჯახის ექიმით, თუ პლიკლინიკის ექიმით, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების მიმართ გაცილებით მადლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ" - განაცხადა ფირალიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია (COVID-19) 24 მოქალაქეს დაუდასტურდა.