
ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამ შესაძლო სცენარს გულისხმობს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი სცენარი ითვალისწინებს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი განიხილება.
საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადადის. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს მოუწოდებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდნენ, რაც სპეციალისტების თქმით, პრევენციისთვის ხდება და ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს.
ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული, რაც, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საგანგაშო მდგომარეობა არაა და მთავარია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავყრილობების აკრძალვის შესახებ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს.
„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, თავრობამ აკრძალოს.
„ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ორი დღის წინ იტალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და მთელი ქვეყანა საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ამ დროისთვის კი 60.4 მილიონი ადამიანი კარანტინში იმყოფება. მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება და დაიხურა საჯარო დაწესებულებები. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალია წითელ ზონად 3 აპრილამდე იქნება გამოცხადებული.
თენგიზ ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უფრო მკაცრი შეზღუდვების გატარება ამ ეტაპისთვის საჭირო არ არის. თანაც, იტალიაში არსებულ მდგომარეობას საქართველოში კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო ზომიერების ფარგლებში მოქმედებენ.
„მსგავსი არაფერია და იტალიისგან ძალიან შორს ვართ. არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, „ოქროს შუალედი" იპოვოს. ერთი მხრივ დააწესოს ის შეზღუდვები, რომლებიც ინფექციის გავრცელების რისკებს ამცირებს, მეორე მხრივ ეს შეზღუდვები არ იყოს მოსახლეობისთვის და ეკონომიკისთვის მტკივნეული. ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შეხამება ძნელია. თითოეულ შეზღუდვასა და აკრძალვაზე დიდხანს მსჯელობენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის საპასუხო ღონისძიებები ზომიერი და ადეკვატურია, არც ზედმეტია და არც ნაკლები. იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია.
"წარმოვიდგინოთ, საქართველოში ათასი ინფიცირებული, ასეთი მდგომარეობაა სწორედ იტალიაში მოსახლეობის გადაანგარიშებით. ათასი ინფიცირებული რომ იყოს საქართველოში, იძულებული ვიქნებოდით მსგავსი ღონისძიება გაგვეტარებინა, უფრო მეტიც, - ჩინეთის მაგალითზე, სადაც კატეგორიულად იკრძალებოდა ქალაქის დატოვება და ქუჩაში გასვლა, მთელი ქალაქები კარანტინში მოგვექცია.
„სულ 24 ინფიცირებულია, რაც ამდენ კითხვას და შენიშვნას იწვევს. წარმოიდგინეთ ამ 24-ის ნაცვლად 800-900 რომ გვყავდეს, იძულებული გავხდებოდით მიგვემართა ასეთი მძიმე ზომებისთვის. ამ ეტაპზე გატარებული ზომები ადეკვატური და საკმარისია. ჩვენი საპასუხო ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ერთ-ერთი დაბალანსებული და ზომიერი.
„უნდა ველოდოთ, მატებას, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მატება ზომიერების ფარგლებში იქნება. იტალიის, თუ სხვა ქვეყნების სცენარი საქართველოში არ განვითარდება. ჯერჯერობით სხვა დამატებითი ზომები საჭირო არაა. შესაბამისი ღონისძიებები გატარებულია, უბრალოდ, საჭიროა ვისწავლოთ მათი შესრულება," - აღნიშნა ცერცვაძემ.
ცნობისათვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიუსმა კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში 24 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადება განმარტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად.
მინისტრის თქმით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ხოლო ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი განიხილება.
13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. ეს გადაწყვეტილება მინისტრსა და მის მოადგილეებს არ შეეხებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ.
საქართველოში16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. შეიზღუდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.