
ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა ვირუსმა მსოფლიო დღის წესრიგი კარდინალურად შეცვალა. ახალმა კორონავირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ქვეყნების უმრავლესობა სრულ იზოლაციაში მოაქცია. მთავრობების უმეტესობა იძულებული გახადა დროებით დაეხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა შეწყვიტეს და დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადავიდნენ. ამასთან, შეიზღუდა გაადგილება და მანამდე ტურისტებით სავსე ღირსშესანიშნავი ადგილები სრულად დაცარიელდა.
2009 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიოში პანდემია H1N1 ვირუსის გამო გამოცხადდა და ასეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.
ხშირად გვესმის კითხვა, როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან, ან თუნდაც, როგორ შევამციროთ დაინფირიების რისკი? - სპეციალისტების თქმით, ჩინეთი ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, სადაც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კორონავირუსი თითქმის დაამარცხეს.
როგორც ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მი ფენიმ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მთლიანობაში უკვე გადავლილია. მისი თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შემთხვევები ყოველდღიურად მცირდება. ჰუბეის პროვინციის ყველა ქალაქში, გარდა უხანისა, ბოლო დღეებში ინფექციის გამოვლენის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მეტიც, ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იტალიას დახმარებას უგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი იტალიას 100 000 სახის ნიღაბს, 20 000 დამცავ უნიფორმას 1000 სავენტილიაციო საშუალებას გაუგზავნის. იუწყება „ბი-ბი-სი." ჩინეთის მედიის ინფორმაციით კი, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფის გაგზავნის საკითხსაც განიხილავს.
ამასთან, ჩინეთმა საქართველოს $420 000 ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტი აჩუქა.
იტალიამ კი ამ კუთხით კრიტიკა დაიმსახურა. სპეციალისტების ნაწილის აზრით, იტალიის მოსახლეობამ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და უყურადღებოდ დატოვა ის რეკომენდაციები, რომლის დაცვაც სასიცოცხლოდ მნიშველოვანია.
სპეციალისტების განმარტებით, ჩინეთის მიერ სიტუაციის კონტროლზე აყვანა თვითდისციპლინის და მაღალი პასუხისმგებლობის ხარჯზე მოხდა. ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებული 1 318 ადამიანი განიკურნა, 11 დაავადებული გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა.
დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი კლების გამო, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უხანში, ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა.
გთავაზობთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს:
1. დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით და საპნით, ან სპირტის შემცველი ხსნარი. ასევე, ხშირად გაისუფთავეთ ფრჩხილები.
- ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
2. დაცემინების ან ხველების დროს აიფარეთ ცხვირსახოცი. არქონის შემთხვევაში აიფარეთ იდაყვი.
- ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.
ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.
3. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
- რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი კოვიდ-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.
4. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
- ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული. თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.
5. თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს. აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი კოვიდ-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა
- როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.
6. თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.
- თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
7. დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.
- ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს; თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი. მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები). მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს.
არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად. განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან აკონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.
გაიკეთეთ პირბადე. თუმცა, ის სრული დაცვის გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ვერ დაგიცავთ ვირუსის მცირე მოლეკულებისგან. თუ აღგენიშნებათ ხველა, ძლიერი სიცხე და სუნთქვის გაძნელება მიმართეთ ექიმს. ასევე, მოუყევით თქვენი მოგზაურობის ისტორია.
თუ თქვენ ეწვევით ბაზარს, ნუ შეეხებით ცხოველს და ხორცს ხელთათმანის გარეშე. თუ თქვენ ვირუსის გავრცელების არეალში იმყოფებით, მოერიდეთ უმი ან ფუჟირებული ხორცის, ასევე, რძის პროდუქტების ჭამას. თუ თქვენ დაბრუნდით ვირუსის გავრცელების არეალიდან, დარჩით სახლში და 2 კვირის განმავლობაში მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმში გადავიდა. 16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა. გაუქმდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
მთავრობამ გასცა რეკომენდაცია მოერიდონ თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. ამასთან, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადიან. იგივე რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც.