
სკოლებში არდადეგების გახანგრძილება არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც „რეზონანსს" განათლების სამინისტროში უთხრეს, რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება. განათლების სამინისტრო ორ კონკრეტულ რეკომენდაციას გასცემს - თუ როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები სწავლის განახლებამდე და სწავლის დაწყების შემდეგ, როგორ დაგეგმონ სწავლის პროცესი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არ არის და განათლების სამინისტრო ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, - მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მიყვება.
„სკოლებს დაეგზავნება ორი ტიპის რეკომენდაცია. პირველი ეს იქნება არდადეგების პერიოდში როგორ უნდა იმოქმედონ მასწავლებლებმა, მეორე ტიპის რეკომენდაციის თანახმად, პირველ აპრილს სწავლის განახლების შემდეგ, როგორ გადააწყონ სასწავლო პროცესი და დაგეგმონ სასწავლო გეგმა იმისათვის, რომ გაკვეთილები ჩაატიონ და დაასრულონ დროულად.
„ვაძლევთ რეკომენდაციას და შემდეგ თვითონ სკოლა განსაზღვრავს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორ მოახერხოს ისე, რომ სწავლის პროცესი გადაგეგმოს და მთავარი მიზანი რაც არის, რომ ბავშვმა პროგრამა დაძლიოს, მიღწეულად ჩაითვალოს.
„(არდადეგების გახანგრძლივება) ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება. თუ ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოგვცა მსგავსი რეკომენდაცია, სწავლა ჩვეულ რეჟიმში პირველ აპრილს დაიწყება," - გვითხრეს სამინისტროში.
ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ამის ფონზე, საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადადის. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს მოუწოდებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდნენ, რაც სპეციალისტების თქმით, პრევენციისთვის ხდება და ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში 16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. გაუქმდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.