ია აბულაშვილი
13.03.2020

„არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ისევე სჭირდება ოპოზიციას, როგორც ხელისუფლებას, ამიტომ, ოპოზიციას ბევრი აქვს სამუშაო და თუ გაითვალისწინებენ იმას, რომ ბოიკოტი და კანცელარიასთან მისვლა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება; რაც შეეხება ხელისუფლებას, მიუხედავად ამ 3-თვიანი შტურმისა, ელექტორატის დიდი ნაწილი თვლის, რომ "ქართულ ოცნებაზეა" ხმა მისაცემი" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შეთანხმების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს არჩევნებში.

"არც ხელისუფლებისვის და არც იმ ძლიერი ოპოზიციური პარტიებისთვის მისაღები არ არის კომპრომისი, ორივეს ურჩევნია, რომ იყოს 77/73-ზე და ბარიერი, მაგრამ რადგან ეს ტალღა აგორდა, უკან დასახევი გზა არ არის, ამიტომ იწყება ეს იწილო-ბიწილო: ერთი ამბობს გამოუშვი პოლიტპატიმრები, მეორე ამბობს მე არ მყავს პოლიტპატიმრები. ისე, ხელსიუფლების ადგილზე რომ ვიყო, მართლაც გამოვუშვებდი იმ ხუთ კაცს, რადგან არცერთი მათგანი არ არის იმ პოლიტიკური წონის, რომ სიტუაცია არიოს.

ოპოზიციამ უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ მოემზადოს არჩევნებისთვის, მარტო მაჟორიტარების თემა არ არის მთავარი. მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორ მიიმხროს ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც დღეს ხმას არც "ოცნებას" აძლევს და არაც ოპოზიციას. თუ ამას შეძლებს, დააჯეროს ნეიტრალური ამომრჩეველი თავის უპირატესობაში, არჩევნებს მოიგებს. მაგრამ დღეს ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, არ იცის ვისთან გაერთიანედება ან რომელ კანდიდატს დააყენებს მაჟორიტარულ ოლქებში. სექტემბერში რომ დააყენოს კანდიდატი, იმდენად დიდია ოლქები, რომ მათ პოპულარიზაციას დიდი დრო დასჭირდება და არჩევნებიც დამთავრდება. ფაქტია ისიც, რომ დღეს ოპოზიციას, გარდა ზოგადი დეკლარაციისა - გვინდა მოვიგოთ, კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, არადა ოპოზიციასაც ისევე სჭირდება არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაცია, როგორც ხელისუფლებას.

რაც შეეხება "ოცნებას", დღეს რომ არჩევნები იყოს, ხელისუფლება არჩევნებს მოიგებს, მაგრამ რა იქნება 6 თვის შემდეგ არ ვიცი. მიუხედავად ამ 3-თვიანი შუტურმისა, ელექტორატის დიდი ნაწილი თვლის რომ "ქართულ ოცნებაზეა" ხმა მისაცემი" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×