
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჭიროა რეგულიაციის შემოღება, რომელიც გულისხმობს 60 წელს გადაცილებული ადამიანების აუცილებელ თვითიზოლაციას, რადგან, მისი თქმით, ამ ასაკის ადამიანებში იმუნიტეტი შედარებით დაბალია, ხოლო კორონავირუსით გამნოწვეული სიკვდილიანობა - მაღალი.
„კორონავირუსი ერთნაირად ემართება ახალგაზრდას და მოხუცსაც, მაგრამ ლეტალობა ბევრად მაღალია, რაც უფრო მეტია ასაკი. მოხუცი ორგანიზმის იმუნიტეტი ბევრად სუსტია, ვიდრე ახალგაზრდის. ბრძოლისუნარიანობა ახალგაზრდა ორგანიზმს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე მოხუც ორგანიზმს.
„არა მარტო იმათ, ვისაც ფილტვების და სასუნთქი სისტემის პრობლემა აქვს, უფრო მეტად ზიანდება ის ხალხი, ვისაც წნევა მაღალი აქვს, ანუ ჰიპერტენზიული დაავადება. ამიტომ საჭირო იქნება ამ ხალხის გარკვეულწილად თვითიზოლაციაში ყოფნა, მაგრამ მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ," - აღნიშნა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ინფექციონისტი იმ პროდუქციის შესახებ საუბრობს, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეიძლება ადამიანმა მიირთვას:
„კორონავირუსი ისეთ ძლიერ ვირუსს განეკუთვნება, რომ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკიც კი არ არის სამედიცინო წრეებში, თითქოს ნიორი შველოდეს ამ ვირუსს. არაყს რაც შეეხება, კატეგორიულად უარყოფითი შეხედულება მაქვს. არანაირად არ მოქმედებს, შეიძლება პირიქით, პრობლემაც შექმნას - ვინც არ არის შეჩვეული არყის დალევას, გაუღიზიანოს კუჭნაწლავი.
„რაც შეეხება თაფლს, უნდა გავითვალისწინოთ ის ადამიანები, ვისაც დიაბეტი აქვს. თაფლი საერთოდ კარგი საკვებია, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.
„პირველ რიგში, უნდა მივიღოთ, კარგად გარეცხილი და სასურველია, კანგათლილი ხილი და ბოსტნეული. ვისაც კუჭნაწლავის პრობლემა აქვს, უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მათ უნდა მიიღონ ახალმოხარშული კომპოტები. ასევე ვიტამინები და ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის გამაძლიერები საკვები და სხვა პრეპარატები," - თქვა ინფექციონისტმა.
ცნობისათვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.