
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან" საუბრობს, ხატები სპირტნარევი ვარდის წყლით იწმინდება. მისივე თქმით, საპატრიარქოს დამატებით, რაიმე რეკომენდაცია მრევლისთვის ამ ეტაპზე არ აქვს.
„ჩვენთან მიმდინარეობს ტაძრების დეზინფექცია, ხატები იწმინდება სპირტნარევი ვარდის წყლით. თუ რაიმე იქნება ახალი, განვაცხადებთ," - გვითხრა ჯაღმაიძემ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში კორონავირუსით ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი სავარაუდოდ მაშინ გადაედო, როდესაც ეკლესიაში ხატს აკოცა. მანამდე კი ეკლესიაში იტალიელი ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ცნობილია და ზიარების წესის ცვლილებას არ აპირებს.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) მიიჩნევს, რომ ზიარების წესში რაიმე ცვლილების შეტანა ღმერთის უარყოფას ნიშნავს.
„ღმერთი არსებობს ჭეშმარიტად და არ შეგეპაროთ ეჭვი. თუ ვინმე უნდა მოკვდეს, მოკვდება მაშინ, როცა უნდა მოკვდეს, - მანქანა დაეტაკება, კორონავირუსით მოკვდება თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება... მოვა ის დრო, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი. აქ არის გამოცდა - კორონავირუსით გამოიცდები თუ ცხოვრებისეული განსაცდელით, უნდა დაითმინო შენი ცხოვრებისეული განსაცდელები.
„არ ყოფილა ეპიდემიები ადრე? - ყოველთვის იყო. მიზანი თუ ქრისტიანული ცხოვრების შეცვლა აქვს ვინმეს, ეს არ იქნება. დანარჩენი, რაც გონივრულია, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ ღმერთის უარყოფას ვინმე მოგვთხოვს, გინდა კორონავირუსის საბაბით და გინდა სხვა რაღაცით, არც თქვენთვის იქნება სასარგებლო. ღვთის გარეშე არავის არაფერი არ მოუვა. თუ ადამიანს ეკლესიაში მისვლა უნდა, არ შეიძლება ვინმესგან აკრძალული ჰქონდეს.
„ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე არ მთავრდება, არამედ იწყება. სკოლას რომ ამთავრებ და ფიქრობ, ამის შემდეგ რა უნდა იყოს - ეს საკითხი წყდება ამ ქვეყანაზე. საუკუნოდ იცოცხლებს ყველა ადამიანი, თუ მას ეს უნდა. თუ არ სურს, იქ არც კორონავირუსი უშველის და არც არაფერი. ფატალური ამქვეყანაზე არაფერი არ არის. ფატალური არის ჩვენი ურწმუნოება და ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა," - აღნიშნა მეუფემ „რეზონანსთან" საუბრისას.