
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სექტემბერ-ოქტომბერში რა ვითარება გვექნება. თუ, ღმერთმა დაიფაროს და, ძალიან რთული და ცუდი ვითარება იქნება, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, იმას თუ როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კოონავირუსის გამო გადაიდო.
ძაბირაძის აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ სექტემბერ-ოქტომბერში კორონავირუსის თვალსაზრისით რა მდგომარეობა იქნება.
„არჩევნებამდე ექვს თვეზე მეტია დარჩენილი. ჯერჯერობით წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოსაა და საარჩევნო კამპანია სადღაც სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაიწყება. ამიტომ შევხედოთ რა ვითარება იქნება და როგორ იმოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე.
„დღეს მე კი არა, სპეციალისტებმა არ იციან რა იქნება და როგორ განვითარდება კორონავირუთან დაკავშირებული ამბები.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ სექტემბერ-ოქტომბერში რა ვითარება გვექნება, თუ, ღმერთმა დაიფაროს და, ძალიან რთული და ცუდი ვითარება იქნება, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ არჩევნები გადაიდოს. თუმცა, ვნახოთ რა იქნება. ამ დღეში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია", - განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოში „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, ხოლო ერთი ინფიცირებული კი სრულად განიკურნა.