თამთა ჩაჩანიძე
15.03.2020

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ, ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, ყველა პაციენტისათვის სრულყოფილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე შეუძლებელი ხდება. ამის გამო, იტალიის ანესთეზიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა (SIAARTI) სპეციალური რეკომენდაციები გამოქვეყნა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა კრიტიკულ სიტუაციაში და როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი ავადმყოფებს შორის, თუ პირველ რიგში ვის აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება.

დაახლოებით ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსული ინფექციის 322 დადასტურებული შემთხვევა იყო. იტალიელი ექიმები ვითარებას გაუმკლავდნენ და თითოეულმა პაციენტმა სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება მიიღო.

ერთი კვირის წინ ინფიცირებულთა რაოდენობა 2 500 გახდა. ექიმები ამჯერადაც ახერხებდნენ სიტუაციის კონტროლს და პაციენტთა დიდ ნაკადთან გამკლავებას.

ამის შემდეგ 2-3 დღეში, 11 მარტს, ინფიცირებულთა რაოდენობა 10 149 გახდა, კიდევ ორ დღეში - 13 მარტს - მათმა რაოდენობამ 17 ათასს გადააჭარბა. და დღეს კი ქვეყანა აღმოჩნდა იმ ფაქტის წინაშე, რომ დაავადებულთა სამკურნალოდ ექიმებისა და ექთნების რაოდენობა არასაკმარისია. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ქვეყანაში ფიზიკურად არ არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისათვის საჭირო იმდენი მოწყობილობა, რამდენიც დაავადებულთა ამ რაოდენობას სჭირდება.

იტალიელი ექიმებისათვის გაცემული ოფიციალური რეკომენდაცია, რომლის დეტალებსაც ბრიტანული „ბი-ბი-სი" აქვეყნებს, იწყება სიტუაციის ზოგადი აღწერით. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება შედარებულია მასშტაბურ სტიქიურ უბედურებასა და ომთან, რომლის დროსაც ექიმებს მძიმე არჩევანის გაკეთება უწევთ, თუ პირველ რიგში რომელ დაჭრილებსა თუ დაშავებულებს უმკურნალონ.

დოკუმენტის ავტორების აზრით, იტალიელი ექიმები მზად უნდა იყვნენ ისეთი მძიმე სიტუაციებისათვის, როდესაც მსგავსი არჩევანის გაკეთება მოუწევთ და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ „შეზღუდული რესურსების სამართლიანად განაწილებასა და ოპტიმალურად გამოყენების" პრინციპზე დაყრდნობით.

რეკომენდაციების მთავარი იდეა ისაა, რომ ინტენსიური თერაპიაზე წვდომა პირველ რიგში იმ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ, რომელთაც გამოჯანმრთელების უფრო მაღალი შანსი აქვთ.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ის რეკომენდაციები, რაც იტალიაში კორონავირუსისგან შექმნილ მდგომარეობის გამო ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა გასცა, ნორმალურ პირობებში წარმოუდგენელია. ახლა კი შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც შესაძლოა მედიკოსებს ინტენსიური თერაპისას ასაკის ზღვარის დადგენაც კი მოუწიოთ.

მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული წესები ითვალისწინებს იმას, რომ კორონავირუსით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანებსა და ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც „კოვიდ-19"-ის გარდა სხვა მძიმე დაავადებაც აქვთ, საჭირო იქნება უფრო მეტი რესურსების დახარჯვა, ვიდრე სხვებზე და ამის მიუხედავადაც კი, მათი გადარჩენის შანსი შედარებით მცირეა. ხოლო თუკი იგივე რესურსი შედარებით ახალგაზრდა და ნაკლებად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე დაიხარჯება, გამოჯანმრთელებულთა და გადარჩენილთა რაოდენობა უფრო მეტი იქნება.

ეს რეკომენდაციები ვრცელდება იმ პაციენტებზეც, რომლებსაც ინტენსიური თერაპია არა კორონავირუსის, არამედ სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, იტალია „წითელ ზონად" გამოცხადდა და უსაფრთხოების მკაცრი ზომებიდან გამომდინარე მთელი მოახლოება თვითიზოლაციაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×