თამარ შუკვანი
15.03.2020

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები საზოგადოებაში ძალიან დიდ აღფრთოვანებას და პატივისცემას იმსახურებენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო პერსონალის მიმართ ხშირად გამოხატავს მადლიერებას იმ გაწეული შრომისათვის, რასაც ვხედავთ - 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი და უძილო ღამეები. ახალმა კორონავირუსმა, რომელმაც მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა, ყველაზე მძიმე ასახვა ექიმებს ცხოვრებასა და სამუშაოზე ჰპოვა.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მუშაობს, „რეზონანსთან" იმ სამუშაო გრაფიკზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსმა არა მხოლოდ მას, მთელ მსოფლიოს კარდინალურად შეუცვალა. მისივე თქმით, მედპერსონალის მონდომება გაათმაგებულია, რადგან პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის და პროფესიის მიმართ არსებობს, არამედ საზოგადოების წინაშეც.

„ჩვენი სამუშაო რეჟიმი კორონავირუსული ინფექციის დაწყებასთან ერთად შეიცვალა. არანორმირებულად დიდ დროს ვატარებთ სავადმყოფოში, იმაზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ სამუშაო დრო იყო. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული დღის მონაცემებზე, მდგომარეობაზე და იმ საქმის მოცულობაზე, რაც გვაქვს.

„დღის განმავლობაში მოდის უამრავი ადამიანი, როგორც ჩვენ მიმღებ განყოფილებაში, ასევე სტაციონარში, სადაც ყველაზე საეჭვო პაციენტი თავსდება, რომელიც კორონავირუსის ინფექციაზე კვლევას საჭიროებს. ხდება ამ პაციენტების ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ უტარდებათ ინსტრუმენტული კვლევები, არიან ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

„ის პაციენტები, რომლებთანაც გამოირიცხება ეს დავადება, გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში, ან საკარანტინო ზონებში, რის აუცილებლობაც არის. ხოლო ის პაციენტები, ვისთანაც ვირუსი დადასტურდება, უკვე სტაციონალურ მკურნალობას აგრძლებენ. ამ დროისთვის ჩვენთან სტაციონარში 44-ვე პალატა სავსეა.

„ექიმების, განსაკუთრებით ექთნების, სანიტრების, მედპერსონალის სამუშაო გრაფიკი შეიცვალა, რადგან არანორმირებულად ვმუშაობთ. ეს არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ასეა. ეპიდემია, აწ უკვე პანდემია მოითხოვს ძალაინ დიდ ძალისხმევას, 24 საათი საავადმყოფოში ყოფნას. ეს განპირობებულია იმით, რომ პაციენტების მოდინება დიდია. საუბარია გადამდებ ინფექციაზე, რომელიც მსოფლიოში გლობალურ საფრთხედ არის გამოცხადებული. გვესმის ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც გაგვაჩნია, არა მხოლოდ ჩვენი თავის და პროფესიის წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშეც.

„დაახლოებით 3-4 საათი ძილისთვის გვაქვს. სამუშაო დღეებში ღამის 2 საათამდე სამსახურში ვართ და ვცდილობთ, რომ ეს საქმე, რაც არის, გავაკეთოთ და სხვა, იმ მომენტში მორიგეებს დავეხმაროთ, რადგან ამ ყველაფერს მარტო გაწერილი მორიგე მედპერსონალი ვერ აუვა, ეს არის გლობალური საქმე, რომელშიც ინტენსიური ჩართულობით უნდა ვიმუშაოთ," - დარწმუნებულია ალექსანდრე გოგინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×