
გუდაურში გარკვეული პანიკა და გაუგებრობაა, რადგანაც რესტორან "მთვრალი ალუბალის" ხელმძღვანელი მირანდა ესაკია აცხადებს, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში ერთი კვირის განმავლობაში ისვენებდნენ, კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი სამშობლოში დაბრუნების დროს შეამოწმებს და ჩეხეთში სამი მათგანი კარანტინში გადაიყვანეს.
ესაკია ამბობს, რომ აღნიშნული ტურისტები მის რესტორანში თითქმის ყოველდღე დადიოდნენ. ამიტომაც, რესტორნის 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მირანდა ესაკიას განცხადებით, 2 ადამიანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა გადაიყვანა.
ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ კი გუდაურში რესტორნების და კაფეების მეპატრონეების ნაწილმა ობიექტების დახურვა გადაწყვიტეს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტურისტები მათთანაც შედიოდნენ.
თუმცა, ინფორმაციის გახმაურებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მთავრობამ სამთო კურორტების საერთოდ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
"თვითონ ამ ჩეხმა ტურისტებმა უთხრეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ "მთვრალ ალუბალში." იყვნენ 4 მარტიდან 10 მარტამდე, შემდეგ გაფრინდნენ თავიანთ ქვეყანაში და იქ დაუდასტურდათ კორონავირუსი.
“31 ადამიანი ვართ ახლა იზოლაციაში. 11 წასულია, ამ 11-ის მონაცემები, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადავაგზავნეთ. 2 ადამიანს, ერთ მიმტანს და ერთ ბარმენს ჰქონდა სიცხე 39, დავურეკეთ სასწრაფოს და გამოაგზავნეს კატასტროფის ეკიპაჟი და გუშინ გადაიყვანეს," - განაცხადა მირანდა ესაკიამ.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ სწორედ ეს ფაქტია მიზეზი, რის გამოც სამთო კურორტების ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ის ჩეხეთის მოქალაქეს მადლობას უხდის ინფორმაციის დროზე მიწოდებისთვის და ამბობს, რომ 3 ტურისტიდან კორონა ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ასევე, კარანტინში 30 ადამიანი იმყოფება და პარალელურად სხვა პირების ინდნტიფიცირებასაც ახდენენ, რომლებსაც შესაძლაო ჩეხ ტურისტებთან შეხება ჰქონდათ.
„ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს, როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა.
“მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან,სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კი განაცხადა, რომ დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. რითაც კაფე-ბარის, "მთვრალი ალუბალის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმუარა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, გარცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასუტურებული შემთხვევები მოდის ჩვენს ცენტრში ძირითადად. თუმცა, თქვენ იცით, რომ გამოცხადდა და რამდენიმე დაწესებულება იქნება მიმღები „კოვიდ 19“-ისთვის. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში. მათ შორის, ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან დასტური არ არის მიღებული დაავადებაზე. რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ტურისტებს, რომლებიც გუდაურში ისვენებდნენ, საქართველოში კორონავირუსი არ დადასტურებიათ, ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე წერს.
"ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.
“დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია), რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის," - წერს კასრაძე.