
კორონავირუსისა და საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის გამო, ავტოიმპორტიორები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უკვე ორი კვირაა, ფაქტობრივად, გაჩერებულია რუსთავის ავტობაზრობა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არიან ის მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ.
ისედაც შემცირებულ რეექსპორტს (სომხეთმა მეორადი მანქანების იმპორტზე სულ ახლახანს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა), ზედ კორონავირუსის პანდემიაც დაერთო.
როგორც ავტოდილერები აცხადებენ, მათ უმრავლესობას დღე-დღეზე უმთავრდებათ 90-დღიანი ვადა და თუ მანქანებს არ განაბაჟებენ სოლიდური ჯარიმები დაეკისრებათ.
ავტოიმპორტიორები თხოვნით მიმართავენ მთავრობას, შევიდეს მათ მდგომარეობაში და ერთჯერადად, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, 2-3 თვით გადაწიოს განბაჟება.
„მთავრობას შეუძლია მხარში დაგვიდგეს და განსაკუთრებული მდგომარეობის გამო 3 თვით გაზარდოს განბაჟების ვადები. მით უფრო, რომ მეპარტონეები ყოველდღიურ გადასახადს მაინც იხდიან", - აცხადებენ ისინი.
მოქმედი კანონმდებლობით, მანქანის საქართველოში შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტოიდილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.