5 ახალი გადაწყვეტილება და შეზღუდვა
ელზა პაპოშვილი
16.03.2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში  5 ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა.  ეს ინფორმაცია კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახმაურდა. 

ქვეყანაში საგაგნებო მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის გამოცხადებული, თუმცა, ამ მდგომარეობის გამოცხადებამდე ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მანამდე კი საქართველოში უკვე რამდენიმე აკრძალვა დაწესდა. 

პირველი აკრძალვა  18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება დაწვრილებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გააკეთა.  

მისი თქმით, გამონაკლისი შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, ასევე ოჯახებს, სადაც ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

„ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა იკრძალება. იქნება, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები. ეს შეეხებათ, პირველ რიგში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის მეუღლე ან არასრულწოვანი შვილი. ამავე დროს ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა - ექიმები, მოხალისეები, ასევე სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის და საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს. რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად“,- განაცხადა ზალკალიანმა. 

მეორე აკრძალვა კი კურორტებს ეხება და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით სრულიად იკეტება. ამის მიზეზად კი ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩეხი ტურისტისთვის კორონავირუსის დადასტურება დაასახელა, რომელიც გუდაურში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში ბარ „მთვრალი ალუბლების“ 30 კაციანი პერსონალი იმყოფება. 

მესამე  გადაწყვეტილებით რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა. ამის შესახებ კი დაწვრილებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.  

თურნავას განცხადებით, კვების ობიექტები მეტნაკლებად მომზადებული არიან იმისთვის, რომ მიტანის სერვისზე გადავიდნენ. როგორც ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეხვდება მიტანის სერვისის კომპანიების წარმომადგენლებს.

„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. საღამოს შეხვედრა მაქვს მიტანის კომპანიებთან და ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი სერვისები. კვების ობიექტები მეტნაკლებად შემზადებულნი არიან. 

“ასეთი გადაწყვეტილებით ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ბიზნესს და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბევრ რამეზე ბიზნესი შეგნებულადაც ამბობს უარს იმის გამო, რომ მთავარი ამოცანაა მოქალაქეები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან”,- განაცხადა თურნავამ. 

მეხუთე ცვლილება კი ეხება იმას, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. 

მეხუთე რეკომენდაციის მიხედვით კი 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ მითითება, რომ მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. 

 „სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია , რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“,-აღნიშნა ჩიქოვანმა.  

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ კი  აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია - ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი.

თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 54 პირი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.  

საქართველოში მოქმედი რესტორნები და კაფე-ბარები, შესაძლოა, დაიხუროს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

"დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×