
„საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იქნება ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის ან კარანტინის წესებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ სამშაბათს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფთა უმრავლესობა საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წესებს არ იცავენ. ამიტომ საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება.
ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა ფულადი ჯარიმა დაახლოებით 200 ლარის ოდენობით თვითიზოლაციის პირობების დამრღვევთათვის, მდინარაძე პასუხობს:
„არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთ შემთხვევებში, იმიტომ რომ დრო არ ითმენს. საჭიროების შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ ადმინისტრაციულ პატიმრობასაც", - განაცხადა მდინარაძემ.