თამარ შუკვანი
17.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნაც იზრდება - რომ საჭიროა ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს, რაც, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური მოთხოვნაა და ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ქულები მოიპოვონ.

„ეკონომიკურად წამგებიანია, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს ეპიდემიაში და ისეთ დღეში არ აღმოვჩნდეთ, როგორშიც იტალიაა. საჭიროა არა მარტო ზუსტი პროგნოზირება, არამედ ნაბიჯებიც გადადგმა, თუმცა, ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად მიყვება პროცესს. 

„საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გამოცხადება არაა, მას რეალიზება სჭირდება. საკმაოდ რთული პროცესია და იქიდან გამოსვლა არც ისე მარტივია. ხაზარაძის მხრიდან ეს პოლიტიკური განცხადებაა, თუმცა, ეკონიმიკაზე რა გავლენას მოახდენს, ამაზე პასუხისმგებელი არა ხაზარაძე, არამედ მთავრობაა.

„ხელისუფლებამ უნდა ნახოს რა რესურსები გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საზღვარგარეთ მყოფი პირები ბრუნდებიან და კარანტინში არიან, თუ შევძლებთ იმას, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები მართლაც იზოლაციაში დარჩნენ, შესაძლოა ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ გახდეს,“ - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიზანშეწონილია ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად მოემზადოს. 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო შეიქმნას.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საბჭოს შექმნა და მასზე მუშაობა დროის ფუჭი ხარჯვაა და საბოლოოს არც შედეგს მოიტანს:

„ცალსახაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნაა. დავუშვათ შეიქმნა ეს ცენტრი, ამის რეალიზებას მაინც მთავრობა ახდენს. ისეთი ვითარებაა, როდესაც ყველა პარტია ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას. ეს იქნება დროის ფუჭი ხარჯვა. ამის აუცილებლობა არ დგას. პოლიტიკური პიარია, ხელისუფლებასაც შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს და დათანხმდეს, მაგრამ რეალურად ეს არც არაფერს შეცვლის და არც არაფერს მოიტანს,“ - დასძინა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×