თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

„თუ პანიკა გაგრძელდა, შეიძლება საქონლის დეფიციტიც გააჩინოს, ანუ ადამიანებს სახლში თაროზე ჰქონდეთ პროდუქტი დალაგებული და მაღაზიაში აღარ იყოს და ახალი მყიდველისთვის აღარ დარჩეს. მგონია, რომ ამის თავის არიდებას ცდილობს ამჟამად ხელისუფლება ამ მოწოდებით", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უმრავლესობის დეპუტატის რომან კაკულიას ბიზნესმენებისადმი მიმართვას კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, პროდუქტების რეალიზაციაზე შიდა კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით.

„მინდა მივმართო ყველა ბიზნესმენს, რომელიც საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებული. პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანს რომ უნდა წიწიბურის ყიდვა, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს. ეს შეზღუდვა შეიძლება ბიზნესმა თვითონვე გააკეთოს", - აცხადებს კაკულია.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პროდუქციის შეძენაზე ლიმიტი დაწესდა, ეს ფაქტი არც პროდუქციას არ გააძვირებს და საზოგადოებაში არც პანიკას არ შექმნის.

„ამაზე უკვე დიდი ხანია არის ლაპარაკი, რომ თუკი პროდუქციის შეძენის მასშტაბები გაიზარდა და დეფიციტი შეიქმნა, მერე უკვე დეფიციტი გააძვირებს პროდუქციას.

„ლიმიტი გულისხმობს იმას, რომ ერთ აღებაზე ხდება ლიმიტირება და თუ მაინცდამაინც ადამიანებს სჭირდებათ, მეორე დადგება რიგში, ოღონდ საქონლის დეფიციტი არ შეიქმნება. ასეთი შეზღუდვები ახლაცაა, მაგალითად აფთიაქებში ხელთათმანები ერთ შეკვრაზე მეტი არ გაიცემა და ა.შ., მაგრამ ეს ჯერჯერობით გაძვირების ტენდენციას არ აჩენს.

„დიდი რაოდენობით საქონელს ძიითადად იღებენ არა იმიტომ, რომ სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ პანიკაში არიან. პანიკა ემოციაა და ეს ემოცია გადამდებია, თუ პანიკის აყოლვა გაგრძელდა, შეიძლება საქონლის დეფიციტიც გააჩინოს. ანუ ადამიანებს სახლში თაროზე ჰქონდეთ პროდუქტი დალაგებული და მაღაზიაში აღარ იყოს და ახალი მყიდველისთვის აღარ დარჩეს, მგონია, რომ ამის თავის არიდებას ცდილობს ამჟამად ხელისუფლება ამ მოწოდებით.

„ესეც მოწოდებაა, სავალდებულო ნორმა ხომ არაა. თუ ლიმიტი დაწესდა და ამის გამო საზოგადოებას პანიკა გაუჩნდა, ამ პანიკას რაღაც უცნაური იერი ექნება.

„არის რაღაც უბნები, სადაც ასეთი პანიკის ტალღა შემოდის, მაგალითად ჩემს უბანში ვერც მიხვდები რამე განსაკუთრბული თუ ხდება, მაღაზიებში სიწყნარეა", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×