თამარ შუკვანი
18.03.2020

არსებული ვითარების გამო, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანების ჯანრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები. თუმცა, თუკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი გარემო, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს თავიდან აარიდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შესაძლებელია.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე. სახალხო განხილვას საზოგადოებრივი თავშეყრის ორგანიზება სჭირდება, რომლებმაც გარკვეულწილად შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ ვირუსი გავრცელდეს. თუ ოქტომბრამდე სიტუაცია მეტ-ნაკლებად არ დარეგულირდა, არ არის გამორიცხული არჩევნები გადაიდოს. ადამიანების ჯანმრთელობას არჩევნებს ვერავინ შევწირავთ.

„ალბათ უნდა დაველოდოთ ისევ და ისევ ჩვენი ეპიდემიოლოგიების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზს იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიური ვითარება საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ, თუ განხილვები ჩატარდა ისეთ დაცულ შენობაში, სადაც წინასწარ იქნება ჩატარებული დეზინფექცია და სხვა დამცავი ღონისძიებები, არ მგონია, ამან განსაკუთრებული და გადაულახავი პრობლემა შექმნას.

„თუმცა, ჯერ შეთანხმების მიღწევამდე ბევრი ეტაპია გასავლელი. თუ ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შეიძლება შეთანხმება ჩაშალოს," - აღნიშნა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან."

ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 18 მარტს გააკეთა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×