
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე "ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია" მოთავსებული. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" მსახიობის მეუღლემ ამცნო.
"ჯემალი პროგრამაშია და ხანდახან გულიკო ჩაფიძე ამოწმებს ხოლმე. კარგად არის. ხუთ დღეში სახლში იქნება."
"პრაიმტაიმმა" ჰოსპიტალიზებულ მსახიობთან გასაუბრებაც შეძლო.
ჯემალ ღაღანიძე: - სამი დღეა კლინიკაში ვარ. სულ ერთი კვირით უნდა ვიწვე. რას ვუჩივი და სიბერეს. ვინც თქვა, ტკბილი სიბერეო, ჩემი ჯოხით უნდა გავუტეხო თავი. ტკბილი არის თაფლი და მურაბა. სიბერისა რა მოგახსენოთ. მაგრამ არ შეშინდეთ. უნდა დაბერდეთ, რა თქმა უნდა. მე გულიკო ჩაფიძის საავადმყოფოში აღრიცხვაზე ვარ. თვეში ერთხელ ანალიზებს მიღებენ. შარშან მორიგ გამოკვლევაზე ვიყავი მოსული. არ გასულა ორი საათი და კახი კავსაძე შემომიყვანეს პალატაში და გვერდით მომიწვინეს. რა ვქნათ, ბებრები ვართ უკვე.
- ბატონო ჯემალ, კორონავირუსის შიში თუ გაქვთ?
- შიშის რა გითხრათ. თუმცა როგორც გავიგე, ხანდაზმულებს უნდა გვეშინოდეს. დამორჩილებით კი ყველა უნდა დავემორჩილოთ მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციებს. კაცობრიობის გადასარჩენად ეს აუცილებელია. სახლში უნდა დავრჩეთ ყველა, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები და ჩემი კოლეგები. რატომ არ უნდა დავემოჩილოთ ჩვენს სასიკეთო რეკომენდაციებს? ისე რამ უნდა გადაგვრიოს, რომ ეს არ გავითვალისწინოთ. 87-ე წელიწადში ვარ და ვითვალისწინებ ყველა რჩევას. უნდა დავირაზმოთ და გავფრთხილდეთ. შევეშვათ პოლიტიკური ნიშნით კინკლაობებს. მე კი ახლა გულის პროფილაქტიკის მიზნით ვარ კლინიკაში, მაგრამ ძალაუნებურად თვითიზოლაციაში გახლავართ. მარტო ვარ პალატაში. მწყინდება, მაგრამ რას ვიზამ, უნდა ავიტანო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე