უმუშევრობა თანდათან ჯაჭვური რეაქციის ფორმას იღებს
თამარ მუკბანიანი
18.03.2020

სანამ მსოფლიო "კოვიდ-19"-ს ებრძვის და მთავარი ამოცანა ფიზიკური ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაა, აუნაზღაურებელი ზარალი ადგება არა მხოლოდ გლობალურ ეკონომიკას, არამედ თითოეულ მოქალაქეს. საქართველოსთვის კი ეს ზიანი განსაკუთრებით დიდია. უამრავი დასაქმებული ადამიანი დროებით მაინც უსამსახუროდ დარჩა. სახლში გადანაცვლებულებმა კი   ოჯახის დამხმარე ქალებისა და ძიძები დაიხოვეს. 

ჯაჭვური რეაქცია, რომელიც უმუშევრობას ზრდის, სტატისტიკის გარეშეც რომ დიდი იქნება, უკვე ჩანს. მით უფო, იმ პირობებში, როცა ახლო მომავლის დაგეგმვაც კი შეუძლებელია იმდენად არაპროგნოზირებად რეალობაში ვცხოვრობთ. სახეზეა უმუშევართა პირველ ტალღაში მოყოლილი ადამიანები. 

ანა ბენდელიანი  თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა. თებერვლის შემდეგ ვითარება ისე გართულდა, რომ თავიდან პერსონალის შემცირება, ბოლოს კი დროებით დახურვა მოუწიათ. უმუშევრად დარჩენის გამო კი იძულებილი გახდა შვილების ძიძაც სახლიდან გაეშვა. 

,,საქართველოში, ჯერ კიდევ არ იყო კორონავირუსი, როცა გავრცელების საფრთხეზე მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობდა და შესაბამისად, მალევე შემცირდა ტურისტული ნაკადიც. მერე თითქმის განულდა. რეგიონის სასტუმროებს, ამ მხრივ  ასახვა უფრო გვიან გქონდათ, მათთან ადგილობრივები მაინც ჩადიოდნენ, ჩვენ კი მალე მოგვიწია ჯერ თანამშრომლების შემცირება, მარტის დასაწყისიდან კი საერთოდ დავიხურეთ. 

სახლში რომ ვბრუნდებოდი, გავიაზრე, რომ ბავშვების ძიძისთვის, რომელიც 4 წელია დროის უდიდეს ნაწილს ჩვენთან ატარებს, დამშვიდობება მომიწევდა. არადა, ვერ წაროიდგენთ, როგორ ვენდობი და როგორ უყვართ ბავშვებს. მე ისიც არ ვიცი რამდენი ხნით ვარ უმუშევარი და რა საჭიროების წინაში დავდგები, ამიტომ ნებისმიერი ხარჯი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის, გაუმართლებლად მიმაჩნია“ - განუცხადა "რეზონანსს“ ანა ბენდელიანმა . 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სრულად უმუშევარი არ არის, სამუშაო მკვეთრად შეუმცირდა რიმა ტაბატაძეს. იგი ოფისებსა და სახლებს ალაგებს. 

"ღმერთის წყალობით, ჯერ ბოლომდე უმუშევარი არ ვარ, მაგრამ ისიც არ ვიცი, რამდენხანს ვიქნები კიდევ საჭირო. 1 კორპუსში სამ ოფისს ვალაგებდი კვირაში ორჯერ და ასევე ორ ბინას. ოფისები სრულად გადავიდნენ სახლიდან მუშაობაზე და მე აღარ ვარ საჭირო. სახლებში არიან ისინი, ვისთანაც დავდივარ დალაგებებზე, მაგრამ ჯერ არ დამმშვიდობებიან. დამპირდნენ, კრიზისი უსაშველოდ თუ არ გაიწელა, სამსახურს მაინც შეგინარჩუნებთო. ისეთი მდგომარეობაა და იმდენი ქალი ვიცი, ვინც სახლებიდანაც გამოუშვეს, უკვე ხმას ვერ ვიღებ. მთავარია, აქ შევინარჩუნო სამსახური და ულუკმაპუროდ არ დავრჩე“, - თქვა რიმა ტაბატაძემ. 

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა, მარეხი ნოდიაა. ისიც ძიძად მუშაობდა, თუმცა იმის გამო რომ აღსაზრდელი ბაღში, მისი მშობლები კი სამსახურში აღარ დადიან, დამქირავებელ ოჯახთან დროებით დამშვიდობება მოუწია. 

"ჩემი დამსაქმებლები, ორი კვირაა უმუშევრად არიან. ბავშვიც ბაღში აღარ დადის, მაგრამ მე მაინც მინარჩუნდებოდა სამსახური, მათი კეთილი ნებით. ახლა უკვე, როცა შეიძლება დღე-დღეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, დროებით დამშვიდობება გადაწყვიტეს და მესმის კიდეც. დედაჩემიც ძალიან ნერვიულობდა,მასთან თუ ვიქნები, ჰგონია, რომ ასე უფრო დაცული ვარ და ამ დღეებში უკვე წავალ სამეგრელოში, სახლში. უბრალოდ იმაზე ვნერვიულობ ძალიან, რამდენხანს გაგრძელდება ეს უმუშევრობა და ფაქტიურად კარანტინში ყოფნა“, - ჰყვება კიდევ ერთი უმუშევრად დარჩენილი ,,რეზონანსთან“. 

ზოგად ფონს აფასებს ეკონომისტი პაატა აროშიძე. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სტაგნაცია, რომელიც ეკონომიკაშია და ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს, მეორე მხრივ კი, იძულებულს გახდის სახელმწიფოებს, ადგილობრივი წარმოებისა და პროდუქციის განვითარებაზე იზრუნონ. 

,,არა მხოლოდ ძიძები ან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და ტურიზმის სექტორი, ყველა სამსახურს ემუქრება პრობლემა. გასაგებია, რომ უნივერსიტეტები გადავიდა დინსტანციური სწავლების რეჟიმზე, მაგრამ სულ მალე დადგება სტუდენტების მხრიდან თანხის შეტანის დრო და რამდენად მოახერხებენ ამას ადამიანები,  რომლებიც თავად და მათი ოჯახის წევრების უმუშევრები დარჩნენ?

პროცესი გლობალურია და პირველ რიგში, სწორედ გლობალიზაციას დაარტყამს. როგორმე უნდა გადავრჩეთ და დაიწყოს ადგილობრივი წარმოება. სხვათა შორის, ეს უკვე დაიწყო ნიღბებით, რომლის შეკერვაც აქამდეც შეიძლებოდა საქართველოში, მაგრამ რატომღაც მუდმივად იმპორტირებული იყო. დროთა განმავლობაში, ალბათ,  ასე გადავეწყობით, ადგილობრივ წარმოებაზე. იქამდე კი ძალიან რთული გაზაფხული და ზაფხული გველის წინ ყველას ერთად“, - განუცხადა აროშიძემ ,,რეზონანსს“. 

შეგახსენებთ, 18 მარტიდან გაურკვეველი დროით აიკრძალა მიკროავტობუსების გადაადგილებაც და შესაბამისად, დროებით უმუშევართა რიგებს, მძღოლებიც მიემატნენ. აკრძალვის მიზეზი, უსაფრთხოების ნორმებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×