
„დღესვე უნდა დავიწყოთ მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რომ შესაბამისად გადავიდეს სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორზე და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ კომერციულ ჯანდაცვაზე," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომელსაც „რეზონანსი" პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ გამოვლინებებზე ესაუბრა.
ბექა ნაცვლიშვილი: 70% დამოკიდებული ვართ იმპორტზე, სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტი.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობის ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ვხედავთ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩარჩოშია მოქცეული, თუმცა ჩვენთან ყველაფერი კარგად რომც იყოს, სხვა ქვეყნების ვითარება ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე, - რა რეაქცია ექნებათ სხვა ქვეყნებს ამ ვირუსთან დაკავშირებით.
სასურსათო უსაფრთხოება აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად გაუთვლელი გახდა მომავალი, რომ ყველა ორიენტირებული იქნება, საკუთარი მოსახლეობა უზრუნველყოს და საკუთარი მარაგები ჰქონდეს.
პირველი რეკომენდაცია, რაც სურსათს შეეხებოდა, ეს იყო ფასებზე კონტროლი, რომ სპეკულაციურ ფასებს ადგილი არ ჰქონოდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ეროვნული ბანკის მონაწილეობა. სოფლის მეურნეობას უნდა მოეხედოს, ჩვენ კი ამის პოტენციალი განსაკუთრებით გვაქვს.
„რეზონანსი": ზოგი ქვეყანა, მაგალითად რუსეთი, ექსპორტის შეზღუდვაზე ფიქრობს. თუ ეს მოხდა, რა გავლენას იქონიებს საქართველოზე?
ბ.ნ: სამი თვის განმავლობაში შეიძლება სურსათი არ მოგვაკლდეს, თუმცა მარაგებს რაც შეეხება, ეს დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო სისტემა იქნება თუ არა ქვეყნებს შორის. ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც ექსპორტ-იმპორტს უწყობს ხელს, გამართული იქნება თუ არა. ამასთან, დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევიან ამ ქვეყნის მთავრობები და საზოგადოება, - შეზღუდავს ექსპორტს თუ არა.
რაც ხდება, უნდა იყოს გაკვეთილი, - ორიენტირებული უნდა ვიყოთ საკუთარი პროდუქტის წარმოებაზე. განსხვავებული რაღაცების წარმოება უნდა გავბედოთ. შევდივართ სხვანაირ ფაზაში. ვხედავთ, რომ ირგვლივ მასიურად მოიხმარენ და ამ შეჯიბრის შედეგად ადამიანები ორიენტირებული არიან მაქსიმალურ მოხმარებაზე.
სამწუხაროდ, დღეს ადამიანის ღირსება და საზოგადოებაში აღიარება დამოკიდებულია იმაზე, რა მანქანას ატარებს, როგორი საათი უკეთია და ა.შ. არა მის სარგებლობაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს მას საზოგადოებისთვის.
გლობალური დათბობის პირობებში, რა ახალ ვირუსებს და პანდემიურ მდგომარეობას მივიღებთ მსოფლიო მასშტაბით, არ ვიცით. ამიტომაც, ყველა ქვეყანა, ვისაც გონიერი მთავრობა ჰყავს, ეცდება, ეკონომიკის სტრუქტურა შეცვალოს და წარმოებაზე გადავიდეს, რადგან ასეთი შოკების მიმართ უფრო დაცულია, საკუთარი მოსახლეობა უზრუნველყონ.
„რ": ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს როგორ შეაფასებდით? რამდენად დროული და ეფექტურია?
ბ.ნ: აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას იტყვის ხელისუფლება, არამედ შეინარჩუნებს თუ არა სიმშვიდეს. ამ შემთხვევაში კარგია, რომ ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს დაძლევს საუკეთესო თვალსაზრისით. გაგვიმართლა, რომ საუკეთესო ექიმები და სამედიცინო პერსონალი გვყავს, ასევე პროფესიონალები დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
თუმცა, რაც ხდება, არ არის ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობის შედეგი, არამედ მხოლოდ ამ ადამიანების მუშაობის შედეგს წარმოადგენს. რაც შეეხება თვითონ მთავრობის ნაბიჯებს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ერთადერთი მიმართულება რაც არის, რის შესახებაც რეკომენდაცია გავაკეთე და გათვალისწინებულ იქნა, ეს არის პროდუქტის წარმოების დაწყება, სადაც დეფიციტია და ყველაზე საჭიროა. დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ დაიწყება პირბადეების და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტების წარმოებას, რაც კარგია.
გადასახადებისგან რიგი ბიზნესების გათავისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. ამას მთავრობა არ აკონტროლებს და ძალიანაც გაუჭირდება გაკონტროლება. მაგალითად, რესტონრები ვერ გადავლენ ონლაინ მომსახურებაზე, ტურიზმის სექტორი საერთოდ ჩაიკარგება. აქედან გამომდინარე, მათთვის შეღავათების გაკეთება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს კიდევ სხვა საკითხია.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, არ გვაქვს უმუშევრობის დაზღვევა, ჩვენ ამ ადამიანებს დავტოვებთ შემოსავლის გარეშე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდნტმა განცხადება გააკეთა, რომ დაეწყოთ მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, რადგან დამატებითი ფულადი სახსრების გარეშე ვერ დავძლევთ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ამ კრიზისს. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, უცხოური ვალუტა თუ არ შემოვიდა, ჩვენ სავალუტო კრიზისის პირას შეიძლება აღმოვჩნდეთ.
კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ჯანდაცვის სისტემის მთლიანი რეფორმირებაა საჭირო. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დაუცველ ადამიანებზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან მათ არ ჰყავთ მზრუნველი. საინფორმაციო კამპანიები უნდა ვაწარმოოთ მაქსიმალურად, პანიკა არ უნდა დავთესოთ. მთავარი სოლიდარობა იქნება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი თავის დაცვა, ავტომატურად ნიშნავს სხვის დაცვას.
ამასთან, როდესაც ექთანი მუშაობს ცხრა საათზე მეტს, ის ფიზიკურად იტვირთება. საშუალოდ 350 ლარია მათი ხელფასი. შესაბამისად უწევთ რამდენიმე კლინიკაში მუშაობა, რომ მეტ-ნაკლებად იმდენი ხელფასი მიიღონ, რომ ოჯახი არჩინოს. სანამ ბიზნესი იქნება, ხელმისაწვდომობა და ხარისხი არ იქნება გარანტირებული.
დღესვე უნდა დავიწყოთ მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რომ შესაბამისად გადავიდეს სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორზე და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ კომერციულ ჯანდაცვაზე. ამასთან უნდა შევეხო ერთ საკითხს, არ შეიძლება ადამიანის გამოსახლება, განსაკუთრები მაშინ, როდესაც ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, რადგან ისინი ვერანაირ ჰიგიენურ წესებს ვერ დაკიცავენ, როდესაც ქუჩაში დარჩებიან.