“მთავარია, რომ ექიმს ეკეთოს სათვალე, პირბადე, ქუდი, ბახილები, ხალათი და ხელთათმანი”
თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

ექიმები კოვიდ-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ზონაში არიან, განსაკუთრებით კი მედპერსონალის ის კატეგორია, რომლებიც პაციენტთან უშუალოდ მუშაობს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსს" პაციენტებთან მომუშავე ქართველი ექიმების აღჭურვილობასა და დაცულობის ხარისხზე უყვება: „პაციენტებთან მომუშავე ექიმები და ლაბორატორიული მუშაკები იმ მხრივ არიან დაცულები, რომ მათ ყველა შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ, ანუ, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ექიმს ეკეთოს სათვალე, პირბადე, ქუდი, ბახილები, ხალათი და რა თქმა უნდა, ხელთათმანი.

„მართალია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც ამის საშუალება არსებობს, სპეც-კომბინიზონები აცვიათ ხოლმეო, თუმცა, რეალურად ამ კომბინიზონების აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ეს ვირუსი ე.წ. მეორე დონის ბიოუსაფრთხოების ვირუსია და სპეციალურ კომბინიზონებს არ საჭიროებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სათვალე პირბადე, ქუდი, ხალათი და ბახილები აუცილებელია, ამის დეფიციტი არსად არაა და რა თქმა უნდა, ყველა ეფექტურად იყენებს და დაცულებად ითვლებიან.

„ჯანდაცვის ის მუშაკები, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებთან არ მუშაობენ, მაგრამ პოტენციურად შესაძლებელია, რომ ეს ინფექცია ნებისმიერ პაციენტს ჰქონდეს, იქ რა თქმა უნდა გარკვეული რისკი არსებობს. ამიტომ, ალბათ შემთხვევათა რაოდენობა რომ მოიმატებს, უფრო მეტად უნდა გადავიდნენ ინფექციის კონტროლის უფრო გამკაცრებულ რეჟიმზე" - განაცხადა ბუწაშვილმა.

ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის მუშაკები დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, თუნდაც სპეც-აღჭურვილობის პირობებში.

„რა თქმა უნდა, ზოგადად მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკების ინფიცირების შემთხვევები რა თქმა უნდა არის და რისკის ქვეშ არიან, პირველ რიგში უფრო მაღალი რისკია იქ, ვინც ისეთ პაციენტებთან მუშაობს, სადაც დიაგნოსტიკა არ ხდება და ექიმსაც სტანდარტულად აცვია.

„თუნდაც იმ სპეც-აღჭურვილობის პირობებშიც რა თქმა უნდ რისკი არსებობს, მაგალითად, შეიძლება გადაღლილია ყველა და ტანსაცმლის გახდისას არასწორ მოქცევისას სტანდარტები დაირღვეს, ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები რისკ ჯგუფად ითვლებიან, ამას ვერ გვექცევით" - განაცხადა ბუწაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. ინფორმაციისთვის, 40 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×