
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას მარაგის გაკეთება არ სჭირდება. ეს არის ის, რასაც მთელი სამთავრობო გუნდი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისნისტრი, იმპორტიორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ თამამად აცხადებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სამთავრობო გუნდი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანამ დიდი საფრთხე თავიდან აირიდოს. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საბჭოს სურსათის მარაგების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააცნო. კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების სახლში დამარაგების საჭიროება არ უდგას.
„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და კოორდინაციას ახორციელებს სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვატარებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებში და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება.
ბოლო პერიოდში არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ გვაქვს; მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია მშვიდად იყოს.
გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ პროდუქციის იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. გვაქვს მცირე დაყოვნება კლიმატური პირობების გამო - ერთი მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის. მოსახლეობას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით აღჭურვილნი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. საზოგადოების პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები,“ - განაცხადა მინისტრმა.
გუშინ ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა.
„ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში. მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში იყოს წყვეტა ან შეფერხება, არ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენთან შექმნილი სპეციალური შტაბი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პარალელურად მინისტრი პირადად ხვდება ყველა ჯგუფს, რომელიც იმპორტზე ან ადგილობრივ წარმოებაზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სამინისტროში გამართული შეხვედრების მასშტაბები მცირდება. მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ეტაპობრივად შეხვდება. მაგალითად, 19 მარტს ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის - „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ - ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია ბაზრის მდგომარეობის შესახებ.
,,ქვეყანაში ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგი საკმარისია და, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება“, - ასეთია ადგილობრივი მწარმოებლების პასუხი.
მანამდე კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური თემები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი.
შეხვედრის შემდეგ, სუპერმარკეტების მენეჯერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი მარაგია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, რადგან პროდუქტების მარაგი არის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ საწყობებში. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მომწოდებლებთან და გვამშვიდებენ, რომ ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის ქვეყანაში", – განაცხადა "სმარტის" მენეჯერმა დალი ჩაკმაროვამ.
თავის მხრივ, "აგროჰაბის" დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა აღნიშნა, რომ სურსათის მარაგები საკმარისზე მეტი რაოდენობის არის ქვეყანაში და არანაირი საფრთხე არ არსებობს.
"რამდენიმე თვის მარაგია, თან ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვეების შემდეგ ამოიწურება, პირიქით, საზღვრები დაკეტილი არ არის და თუ რაიმე ტვირთია გაჩერებული, მთავრობა აქტიურად მუშაობს მის შემოტანაზე. აქედან გამომდინარე, მარაგი მუდმივად ივსება, შესაბამისად, საფუძველი იმისა, რომ რაიმე გათავდეს და დეფიციტი შეიქმნას, არ არსებობს", – განაცხადა ჯაშიაშვილმა.
ამავე საკითხზე განცხადება "კარფურმა" გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არც პროდუქტების დეფიციტის და არც მისი ღირებულების ზრდის საფრთხე არ არსებობს. მარაგები რომ არის და დეფიციტი გამორიცხურია, მთავრობასა და სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან ერთად, დისტირიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიაც ცალსახად ადასტურებს.
მეორე და მოსახლეობისათვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ფასებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ის 9 პროდუქტი დაასახელა, რომლებზეც ფასების ზრდის პრევენციისთვის კერძო სექტორს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.
„ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა 2 სასურსათო პროდუქტი - წიწიბურა და ლობიო. ამ ყველაფერზე ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილმა.
გარმოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრმა ის მექანიზმზეც ისაუბრა, რომლითაც სახელმწიფო მსხვილ იმპორტიორ და დისტრიბურტორ კომპანიებს ფასების ზრდის თავიდან აცილების კუთხით დააზღვევს და დააკონკრეტა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ამ 9 პროდუქტის ღირებულებაზე არ აისახება.