
დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა დადგება. მისი თქმით, ამისი აუცილებლობა შესაძლოა ხვალ, ზეგ, ან მომდევნო დღეებში დადგეს.
აღსანიშნავია, რომ ბრიფინგს წინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა უძღვოდა, სადაც მინისტრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააჟღერა, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა, გახარიასვე თქმით ეს ნაბიჯი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავდივართ ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს.
"ჩვენ, თავის დროზე, შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შეცველები ვირუსის გარედან შემოტანის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები.
"უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია: ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ.
ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ" - განაცხადა გახარიამ.
ამას გარდა, მან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებლობა შესაბამის მინისტრებს დაავალა. ეს მიმართულებებია: ჯანდაცვა, სამოქალაქო წესრიგი, სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება და ეკონომიკა.
„რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა და მასზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე მიმართულებაა - სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური, მესამე მიმართულებაა - სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი",-განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და სახლში დარჩნენ.
როგორც მან განაცხადა, ეს განსაკუთრებით ეხებათ პენსიონერებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს. მისი თქმით, საქართველოს ფოსტა მოქალაქეებს ყველა აუცილებელ სერვისს მიაწვდის.
„მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ დავტოვებთ ჩვენს სოციალურ სივრცეს, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელზეც ზრუნვა სახელმწიფომ გარკვეუწილად თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების დროს აწვდიდა.
კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად ეფექტიანად ვუპასუხებთ", - განაცხადა პრემიერმა.