
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რომელმაც ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამაზე საქართველოშიც აქტიურად ალაპარაკდნენ. მართალია გუშინ პრემიერმა თქვა ამის აუცილებლობა არ არისო, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ეს აუცილებელი გახდება. საინტერესოა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა.
კონსტიტუციის თანახმად, „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე" (მუხლი 77, მე-7 პუნქტი).
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მთავრობას შეუძლია განახორციელოს შემდეგი სახის ღონისძიებები:
1. შემოიღოს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
2. აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება;
3. აუკრძალოს მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;
4. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
5. აკრძალოს გაფიცვების მოწყობა;
6. შემოიღოს კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
7. კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
8. შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
9. შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
10. შემოიღონ კომენდანტის საათი.
დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას თუ გადავხედავთ, ამ პუნქტების უმრავლესობა, ამა თუ იმ ფორმით, უკვე ამოქმედებულია.