
20 მარტს გაიმართა შეხვედრა ექსპერტებთან და ინფექციონისტებთან, სადაც განხილული იყო თუ რას აკეთებს სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის, შეკავების, ტესტირების და იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ასევე განიხილეს სავარაუდო სცენარები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში არსებული მოვლენები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსზე დღეს კიდევ 100 ნიმუში გაიტესტა. შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში 1575 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.
მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება არის ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორიგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20 მარტს მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტლებასაც მიიღებს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ მერიამ ორი დღის წინ თბილისში სამარშუტო ტაქსების გადაადგილება აკრძალა, თუმცა, ამ ეტაპზე ავტობუსები და მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
კალაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები გასცემენ.
„ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა," - ასე უპასუხა კახა კალაძემ მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნის თაობაზე დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.
ამასთან, კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის და წითელი ჯვრის მოხალისეები პირველ ეტაპზე საჭიროების მქონე 2500-მდე ხანდაზმულ მოქალაქეს დაეხმარებიან. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის თანახმადაც, მოხალისეებს ერთობლივად დაატრენინგებენ და ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 20 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები" საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიმდებარედ, დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უკეთესად მართოს ვითარება.
ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიხურება ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი, გარდა გატანის სერვისებზე მომუშავე კვების ობიექტებისა, სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების და საბანკო სერვისების მიმწოდებელი ობიექტებისა.
უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ შედარებით მძიმეა ორი ასაკოვანი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნება ე.წ გადაუდებელი მიღების ცენტრი, სადაც პაციენტების საგანგებო მიღება მოხდება. პაციენტებმა, რომლებიც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ, საიდანაც, შესაბამისი კვლევის შემდეგ, მათ საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ.