
"შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი უკვე შეთანხმებულია და საჭიროების შემთხვევაში კანონი ამოქმედდება" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილი დემეტრაშვილი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანაგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებას.
გარკვეული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათი აზრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს ადამიანის უფლებების მთელ რიგ შეზღუდვებს, რის საფუძველსაც დღეს შექმნილი ვითარება არ იძლევა.
"უსაფრთხოების საბჭოს გაფართოეული ფორმატის სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ და საჭიროების შემთხვევაში კანონი ამოქმედდება. რა თქმა უნდა, მთელ კანონს ვერ განვიხილავ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის შესახებ დოკუმენტს წარუდგენს პრეზიდენტს, შემდეგ ეს დოკუმენტი უბრუნდება პრემიერს, რომელსაც ის ხელს აწერს. ამ მომენტიდან დოკუმენტს აქვს მოქმედების ძალა, მაგრამ კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ.
პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკერეტით იზღუდება მოქალაქეთა კონტიტუციური უფლებები, მაგალითად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავონ ადამიანი. შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება, გადაადგილების და მიმოსვლის თავისუფლება. შეუზღუდოს პირადი სივრცე ან კომუნიკაციის საშუალება, სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, გაფიცვების უფლება. შეიძლება შეიზღუდოს შრომის თავისუფლება; კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესდეთ. კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციის კანონის პროექტი არ განიხილება. თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პარლამენტს არა აქვს უფლება შეცვალოს კონსტიტუცია. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შედეგ მოქალაქეს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეუძლია," - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.