ელზა პაპოშვილი
20.03.2020

საქართველოში საზღვარგარეთიდან  ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივ დაბრუნებას ელიან. ამიტომაც მთავრობა ამისთვის საპასუხო ნაბიჯებს დგამს და განსაკუთრებულად სამ სახმელეთო საზღვარზე ზომებს ამკაცრებს. გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით ძალების მობილიზება მოახდინა და ასევე, საკარანტინო ზონების მოწყობა მოხდება. ამის პარალელურად უწყებაში ითვალისწინებენ იმ რისკებს, რომ შესაძლაო ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის მცდელობები გაიზარდოს, ამიტომაც ამ სამ სასაზღვრო ზონაში ზომები უკიდურესად მკაცრდება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, მთავრობასთან კორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები“ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, ლარსში, წითელი ხიდსა და სარფში დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უკეთესად მართოს ვითარება.   

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სახმელეთო საზღვრებზე  საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაიზარდა.  მინისტრი აცხადებს, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც სახმელეთო საზღვარს გადმოკვეთავს, სავალდებულო საკარანტინე პერიოდს გაივლის.

„საქართველოს ავიახაზები“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით კი  ავიაკომპანია მზადაა, რომ მთავრობის თანხმობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნიდან შეასრულოს ჩარტერული რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

მისი თქმით, ავიაკომპანია დროებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ევროპის ქვეყნებიდან.

„მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეიზი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად. „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა და ხელშეწყობა იქნება. ასევე კომპანია მზადაა ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსაყვანად“, - აღნიშნა ბოკერიამ. 

სასაზღვრო პოლიციამ კი საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები უფრო გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკისშემცველი მონაკვეთები.

“საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუდმივად იღებენ დამატებითი ინფორმაციას სამსახურებრივი საქმიანობისას გასათვალისწინებელი წესებისა და ჰიგიენის რეკომენდაციების შესახებ. მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას იმოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და გამოიყენებენ შესაბამის აღჭურვილობას”,  – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×