
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეჩერების ფაზიდან ქვეყანაში ვირუსისი გავცელების ფაზაზე გადავდივართ. თუმცა ამის აღსაკვეთად ხელისუფლება სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს და მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 1925 ადამიანი,ა ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271 პირი. 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
ახალი შემთხვევა კვლავ აჭარაში დადასტურდა და რეგიონისტვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოქალაქე საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით დღეს შეიყვანეს.
"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 7 მოქალაქიდან 6 უარყოფითი იყო. დღეს დადასტურდა, რომ ერთ ადამიანს კორონავირუსი აქვს. საერთო ჯამში ორი ადამიანია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოქალაქემ საზღვარი გუშინწინ გადმოკვეთა", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 500-ზე მეტი, ხოლო თვითზოლაციაში 200-მდე პირი იმყოფება. მათ მოგზაურობის ისტორია რისკ-ქვეყნებში აქვთ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან მათ ასაკთან ერთად, თანმხლები დაავადებები აქვთ, რის გამოც შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ ეტაპზე გართულდეს.
“44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, ორი პაციენტია აჭარაში. სამი პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი პაციენტი იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, თუ არ ვცდები, სამი არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
„შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში კი საკარანტინო სივრცეები გაიზარდა. თბილისში საკარანტინო სივრცე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია განთავსებული, სადაც 45 პირია მოთავსებული და არცერთ მათგანს გრიპის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება. 10 ადამიანის მონაცემები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, შვიდთან დაკავშირებით პასუხები უარყოფითია, 4 მათგანის გაწერა კი, დღეს დღის ბოლომდე იგეგმება.
ამასთან ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, რესპულიკური საავადმყოფო მთავარი მიმღები გახდება. როგორც კლინიკაში ამბობენ, ისინი ნებისმიერი პაციენტის მისაღებად მზად არიან.
"წმინდა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული საწოლი გვაქვს 50. გარდა ამისა, ჩვენთან სომატური პაციენტებისათვის 70-მდე საწოლია. ჩვენმა კლინიკამ 2008 წლის ცნობილი მოვლენების დროს, ორი დღე-ღამის განმავლობაში 400-ზე მეტი დაჭრილი მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკას გამტარუნარიანობა ძალიან მაღალი აქვს," - განაცხადა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.