ტატა შოშიაშვილი
21.03.2020

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, რუსეთში შექმნილი კარტასტროფული მდგომარეობის შესახებ ინტერნეტით ყალბი ცნობები ვრცელდება და ამის უკან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დგანან. ამის შესახებ რუსი სამხედრო ექსპერტი ალქსეი ლეონკოვი აცხადებს და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს, თუ როგორ თესავენ პანიკას ქართველები რუს ინტერნეტ მომხმარებლებს შორის.

11 მარტს სოციალური ქსელებიდან რუსეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის 23:00-დან დილის 5 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსეთის ქალაქებზე იგეგმებოდა სამხედრო ვერტმფრენებიდან სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა. მოსახლეობას ეძლეოდა რეკომენდაცია, რომ დროის ამ მონაკვეთში კარგად დაეკეტათ ფანჯრები და აივნები და თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისაგან.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძლებული გახდა საგანგები განმარტებაც კი გაევრცელებინა ამასთან დაკავშირებით. ლეონკოვი აცხადებს, რომ მის ხელთ არსევბული ინფორმაციით, ეს დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში საქართველოდან გავრცელდა და მისი მიზანი რუსეთის მოსახლეობაში პანიკის დათესვა იყო.

ლეონკოვის მიერ მოყვანილი მეორე მაგალითი ეხება ცნობას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსკოვის ქუჩებში ჯარის ნაწილების გამოყვანის შესახებ. უფრო კონკრეტულად კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსკოვის ქუჩებში სამხედროების გადაადგილების ვიდეომასალა, რომელსაც თან ასეთი ტექსტი ერთვოდა:

„თვითმხილველების თქმით, ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაადგილდებოდა მოსკოვის მეტროს სადგურ „ლენინგრადსკი ვაკზალის" მიდამოებში".

ლეონკოვის განმარტებით, ამ ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტში უკრაინიდან მოხდა. ხოლო იმას, რომ თავად ინფორმაცია ყალბია, გამავრცელებლების მიერ დაშვებული ერთი ელემენტარული შეცდომა მიუითითებს - მოსკოვში არ არსებობს მეტროს სადგური სახელწოდებით „ლენინგრადსკი ვაკზალ".

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დასავლურმა მედიამ თავად რუსეთი დაადანაშაულა ევროპის ქვეყნებში პანიკის დატესვი მცდელობაში. მათი ცნობით, რუსეთიდან მართული ინტერნეტ-აკაუნტები მასობრივად ავრცელებენ ყალბ ცნობებს კორონავირუსთან დაკავშირებით და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის დემორალიზებას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×