თამარ შუკვანი
24.03.2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვმდებარებაში მყოფ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება. ასეთი გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე საბამ (ინწკირველი) მიიღო. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) „რეზონანსთან" საუბრისას არ აკონკრეტებს, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ნაბიჯი სინოდის ბოლო სხდომის გადაწყვეტილებას, თუმცა განაცხადა, რომ „ყველა ღვთის და სინდისის წინაშე აგებს პასუხს".

მეუფე სტეფანეს თქმით, სინოდის გადაწყვეტილება უცვლელია და ვრცელდება აბსოლუტურად ყველა ეპარქიაზე.

„ყველა ღვთის და სინდისის წინაშე აგებს პასუხს. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ეკლესიაზე ვრცელდება, მათ შორის ყველა ეპარქიაზე.

„ეს ყველაფერი არის ჩვენი გამოცდა. ადამიანს ღვთის შიში უფრო აქვს, თუ სხვა რამის - ასეთ სიტუაციებში ვლინდება-ხოლმე. გარდაცვალებას უნდა ღირსეულად დახვედრა, როდესაც დრო ექნება. ეს იგივეა, უფალს უთხრა, რომ „მე შემეშინდა რაღაც ვირუსი არ შემეყაროს და ვერ მოვედი შენთან."

„ღმერთი ადამიანს ყოველთვის მხარში უდგას, როდესაც განსაცდელშია. ვინც გრძნობს ამას, ნუ ვლანძღავთ, ნუ ვაგინებთ. მივცეთ ეკლესიას საშუალება, გააკეთოს თავისი საქმე.

„მის განცხადებაზე არაფერს ვიტყვი. მეუფე საბამ თვითონ იკითხოს უფალთან, რამდენად მართალია მისი გადაწყვეტილებები. სინდოდმა რაც ვთქვით, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. თავიდან ბოლომდე ვართ პასუხისმგებელი სინოდის განჩნებაზე. მეუფე საბას ღმერთმა ძალა მისცეს, დალოცოს, სიმტკიცე, გახარება და გამარჯვება მისცეს იმ ვირუსზეც და თავის თავზეც," - აღნიშნა მიტროპოლიტმა „რეზონანსთან" საუბრისას.

საგანგებო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ისა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს," - განაცხადა მეუფე საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×