
ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები შემოვა, მარტივად შევძლებთ მივიდეთ და გავიკეთოთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ჩინეთიდან საქართველოში ხვალ 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება. მისივე თქმით, აღნიშნული ტესტები საქართველომ საჩუქრად მიიღო. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა.
"ჩინეთიდან ამ ტესტების პარტიის ტრანზიტი ხვალ დაიწყება. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს, რომელიც აპრილის დასაწყისში იქნება. უკვე შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტი, რომელიც იქნება კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი", - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნია ასევე განმარტავს, რომ ტესტის ჩასატარებლად მხოლოდ მოქალაქის სურვილი საკმარისი არ არის და მას ეპიდემიოლოგის შესაბამისი დასკვნა სჭირდება.
„ამ შემთხვევაში ტესტის ჩატარება მხოლოდ სურვილით შესაძლოა, არ იყოს მიზნობრივი და ის ძვირფასი რესურსი, რომელიც ჩვენ ტესტის სახით გვაქვს, გაიხარჯოს. ამდენად აქ ეპიდემიოლოგებისა და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარებაზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა, შეფასება ექიმის და ეპიდემიოლოგის დასკვნა", - განაცხადა გაბუნიამ.