პოლიცია არსებულ გამოწვევას წარმატებით უმკლავდება
თამთა ჩაჩანიძე
24.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად პოლიციის სწრაფ და სწორ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ გარეშე გატარებული ზომები  უშედეგო იქნებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ სოციალურ ქსელებში ბევრი ქართველი მომხმარებელი ქართველ ექიმებსა და პოლიციელებს გმირებად მოიხსენიებს: „დიახ, პოლიციელი გმირია! ახლა მთავარია ხალხისა და საზოგადოების გვერდში დგომა“. ასეთ  მოსაზრებას სრულად იზიარებენ ქართველი ანალიტიკოსებიც.

„რეზონანსთნ“ საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში საქართველოში პოლიციას დიდი როლი აკისრია, რადგან საქართველოს მოქალაქეები კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმს ხშირად არღვევენ.

„ვფიქრობ,პანდემიასთან ბრძოლაში პოლიციას  დიდი როლი ეკისრება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეებს თვითდისციპლინა მაინცდამაინც არ გვახასიათებს. სამწუხაროდ, არსებობს, კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ფაქტები. როგორც რეალობამ აჩვენა, და ეს თვალნათლივ ჩანს, სამართალდამცავების ჩარევის გარეშე მოქალაქეებს ამ რეჟიმის დაცვა უჭირთ. ამ მიზნით პოლიციის მობილიზება აუცილებელი იყო“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე აზრით, საქართველოს პოლიცია არსებულ გამოწვევას წარმატებით უმკლავდება რადგან  ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი „არცთუ ისე სწრაფი ტემპით იზრდება“.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ქართული პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არსებულ გამოწვევებს უმკლავდებიან, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მსგავსი პანდემია ახალი მოვლენაა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვისაც.

„შიგნიდან რა ხდება - ამას ვერ გეტყვით. ვლაპარაკობ გარედან როგორი შთაბეჭდილებაც იქმნება. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს განსკუთრებული როლი ენიჭებათ. ესაა, პირველ რიგში, პრევენცია. იგი ფართო ცნებაა და ბევრ რამეს მოიცავს. აქ შედის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ სანქცია, მათი დაკავება და საკარანტინო ზონაში გადაყვანა, ასევე იმ ადამიანების მიმართ ქმედება, რომელთა შესახებაც გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ესაა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ანდა სავარაუდო კანონდარღვევები. 

მაგალითად, ხუთი დღის წინ იტალიაში სამართალდამცავებთან შეტაკებისას ცხრა მორადიორია დაღუპული. არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა, შესაძლოა, შექმნილი ვითარებით ისარგებლონ და  ჩაკეტილ ოფისებსა და მაღაზიებზე თავდასხმა დაიწყონ. კრიმინალი ხშირად სარგებლობს ხოლმე იმით, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ყურადღება სხვა რამეზე აქვს გადატანილი და ისეთი რამის გაკეთებას ცდილობენ, რაც აღკვეთილი უნდა იყოს.

რაც შეეხება იმას, ქართველი პოლიციელები რამდენად ეფექტურად მოქმედებენ. გარედან  ჩანს, რომ პოლიცია ყველა იმ მითითებს ასრულებს, რომელსაც ხელმძღვანელობა ავალებს და რასაც ჯანდაცვის სტრუქტურები მოითხოვენ. ამ ეტაპზე შემიძლია შსს იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც საპატრულო და კრიმინალურ და სასაზღვრო პოლიციას წარმოადგენენ, მხოლოდ საქებარი სიტყვები ვთქვა. ასევე სხვა დანარჩენი სამსახურების წარმომადგენლების მიმართაც.

ამგვარ სიტუციაში როგორ უნდა მოიქცნენ, ამ ადამიანებს ტრენინგი გავლილი არ ჰქონდათ, ისინი ნელ-ნელა სწავლობენ და ჯერჯერობით მათ მიმართ უარყოფითი შეფასება არ მომისმენია“, - განაცხადა არეშიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ასევე მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში პოლიციის სწორ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ეპიდემიის შეკავების კუთხით. რომ არა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრი კონტროლი პოლიციის მხრიდან, ქართველი ექიმების მთელი მუშაობა წყალში ჩაიყრებოდა.

„პოლიციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად, ექიმების როლს არ ჩამოუვარდება. ამ კუთხით მათი მუშაობა რომ არა, ექიმების მუშაობა წყალში ჩაიყრება. ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდა წესები დაგამოჩნდა, რომ ასეთი გამკაცრება საქართველოშიც საჭირო იყო.

სხვა ქვეყნების მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ასეთ მდგომარეობაში. თავისუფლების შეზღუდვას ადამიანი ძნელად იტანს, თუმცა თავისუფალმა ცხოვრებამ იტალია რა ზომამდეც მიიყვანა და რა სუტუაციაა იქ დღესდღეობით ყველანი ვხედავთ. 

ასე რომ, მართალია ხშირ შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა დისკომფორტია, მაგრამ ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ იგივე თავისუფლების მოყვარული ადამიანები, ჯანმრთელნი დარჩნენ,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიციის როლი განსაკუთრებით შეაფასა ამირან გამყრელიძემ: „სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება  კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში. სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. მადლობა მათ. რეჟიმი უფრო მეტად,  კარგად დაცულია, ვიდრე მაშჳნ, როდესაც კარანტინისა და თვითიზოლაციას  დაცვის წესებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა აწესრიგებდა“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყველაზე კარგად იცის ქართველი პოლიციელების როლი საშინელ ინფექციასთან ბრძოლის საქმეში. მან საჯაროდ მადლობა გადაუხადა  სასაზღვრო კონტროლზე მომუშავე პერსონალს. 

„მინდა, ჩვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მართლაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ ორი კვირის განმავლობაში. ცნობილია თუ რა პრობლემები იყო, ძალიან ბევრი რეისი სრულდებოდა. მით უმეტეს, პირველი  2-3 დღის განმავლობაში  ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს გავართვით თავი“, - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×