
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პიკს არ ელოდება. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე პროცესის კონტროლი გაგრძელდება და ხელისუფლება წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, მსგავს ნიშნულზე საუბარი არ იქნება. თუმცა, თუკი პროცესი უმართავი გახდება, ეპიდემიის პიკი შეიძლება დაახლოებით ათასი პაციენტი იყოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევების გამოვლენიდან საშუალოდ მე-7-8 კვირაზე. თამარ გაბუნია აქვე აღნიშნავს, რომ შეიძლება პიკი საქართველოში საერთოდ არ იყოს, თუ ყველა მითითებას და წესს დავიცავთ.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, მოვლენების განვითარების პესიმისტური სცენარით, ეპიდემიის პიკი შესაძლოა 15-22 აპრილს იყოს. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის ვარაუდით, პიკი შეიძლება ნიშნავდეს ერთდროულად დაახლოებით 1000-მდე ინფიცირებულს საქართველოში.
ირაკლი ხმალაძის აზრით, მსგავს პროცესს სავარაუდოდ ადგილი არ ექნება, რადგან საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი შესაბამის წესებსა და რეკომენდაციებს იცავს, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეპიდემიის პიკი ქვეყანაში არ იქნება.
„ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება რაიმე განსაკუთრებული პიკი არ იყოს. რეალურად მართლაც მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დიდი პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში თუ ასეთი „სასწაულები" კიდევ განმეორდა - ქელეხები, კონცერტი, რომელიც მარნეულმა ჩაატარა.
„რეალურად, რაც ხდება საქართველოში, ამ ეტაპზე მართვადი და კონტროლირებადია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალგაზრდებს მსუბუქად მიმდინარე ფორმები აქვთ, ასევე ისიც, რომ ბავშვებს არ ემართებათ, ან ჩვეულებრივი გრიპის სახით აქვთ.
„სხვისთვის თუ სამასი ათასია პიკი, ჩვენთვის ალბათ ათასამდე იქნება. აქცენტი მძიმე პაციენტებზე და იმ საავადმყოფოებზეა, რომლებიც მძიმე პაციენტების მისაღებად მობილიზებული არიან, რომ მათ მაქსიმალურად ჰქონდეთ სუნთქვის აპარატები, რაც იაფი სიამოვნება არ არის. ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი მთავარი პრობლემა.
„მთავარია მოვერიოთ არა ანთებით პროცესს, რომელიც შეიძლება კლინიკურად უბრალოდ გრიპის სახით მიმდინარეობდეს, არამედ გართულებებს, რომელიც, სამწუხაროდ, ხელოვნურ სუნთქვასაც საჭიროებს და საკმაოდ დიდ დანახარჯებს, აპარატურას. თუ დაცვა ასე გაგრძელდა და არ მოხდა გავრცელება, ანუ ასეთ ექცესებს ადგილი არ ექნება, შეიძლება არც წავიდეს ათასამდე. შეიძლება იყოს ორასი, სამასი, ოთხასი, მაგრამ თუ კიდევ მოხდა გაპარვები, ასეთი მასობრივი თავშეყრა, რაც მგონია, რომ აღარ მოხდება, მთავრობამ ბევრად უფრო მკაცრი ზომები უნდა გაატაროს ასეთი ხალხის მიმართ.
„ეს არის ის ხალხი, რომელიც შეგნებულად ავრცელებს ვირუსს და მომხრე ვარ, მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ პრობლემა აქვთ და შეგნებულად ავრცელებენ ამ ვირუსს. თუ, მსგავსი შემთხვევების პრევენცია მაქსიმალურად მოხდება, პროცესს ოპტიმისტურად ვუყურებ. მატება ძალიან ნელა მიდის. პიკი არის მაქსიმალური რაოდენობა. პიკი შეიძლება იყოს 50, 60, 70.. მთავარია, როდის გაჩერდება და წავა უკან.
„არის ხალხი, რომელიც აბსოლუტურად იცავს და არის ხალხი, რომელიც შედარებით „ლაითად" უყურებს ამ მდგომარეობას. მოსახლეობა მაინც ორგანიზებულია, მეტი წილი ცდილობს დაიცვას წესები," - აღნიშნა ინფექციონისტმა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-ია. კარანტინის რეჟიმშია 3 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235 პირი. ამასთან, 67 დაინფიცირებული ადამიანიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.