ელზა პაპოშვილი
24.03.2020

კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება. პოლიცია და სამხედროები საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვანი გზები კი მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. 

პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც პატრულირებენ. თუმცა, კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ მოასხლეობის ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. „რეზონანსთან“ ადგილობრივი აჰმედ მამედოვი ყვება, რომ სოფლის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა რატომ არ აძლევდათ მათ პოლიცია გადაადგილების საშუალებას.

ასევე, მარნეულში ბაზრის მავაჭრეების ნაწილმა პროდუქტები გამოიტანეს, ხოლო პოლიციამ მათ მისი აღებისა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი უმეტესობა ამ კარანტინს მოუმზადებელი შეხვდა და არ აქვთ პროდუქტების მარაგი, არც სამედიცინო პირბადეები და სადენზიფექციო საშუალებები. ისინი ხელისუფლებას მათ დარიგებას სთხოვენ. 

ასევე ხალხმრავლობა ბანკებთან შეიმჩნეოდა. სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს აპრილის პენსია წინასწარ ჩარიცხული იყო და მის გამოსატანად ქალაქში იყვნენ ჩასული.

ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ავტობუსები და მიკროავტობუსები მოსახლეობის გადაყვანას „ჩუმად“ ცდილობდნენ. თუმცა მძღოლებმა ამ ჯერზე პოლიციისგან მხოლოდ გაფრთხილება მიიღეს.

ქალაქის იმ ქუჩაზე კი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალი ცხოვრობდა, გარკვეული პანიკა შეიმჩნევა, რადგანაც ქალის 4 ნათესავს კორონავირუსი დაუდგინდა. ქუჩის მცხოვრებლებს გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვთ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარნეულის შესასვლელთან მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. პროცესს დადგენილი საკარანტინო წესები აფერხებს, რომ ყველა ადამიანის გადადგილება  უსაფრთხო იყოს. 

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. 

რისკზონაში შესვლისას განსაკუთრებული სიმკაცრით ამოწმენებ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან და რეგიონში შესვლა სურთ. გამშვები პუნქტიდან სამშაბათს ყველა ასეთი ადამიანი უკან გამოაბრუნეს, მათ შორის სამართალდამცველებმა გადაადგილების უფლება არ მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც  საკუთარი ოჯახის წევრის დაკრძალვას უნდა დასწრებოდნენ.  

ადგილზე შეზღუდულია მედიის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მასალა, თუ რა სამუშაოები ჩატარდა მარნეულსა და ბოლნისში.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ. 

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს ამოწმებენ. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს.

დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. 

თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.  

მარნეულში ასევე  საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია. 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეფასდება პაციენტების მდგომარეობა. ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.  

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  კარანტინის პირობებში მარნეულის ქუჩებში ავტომობილები კვლავ დიდი ინტესიურობით გადაადგილდება. 

იმამკულიევის თქმით, ხელისუფლებამ კარგად ვერ აუხსნა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ სახლში უნდა დარჩნენ. ადგილობრივი ოპოზიცონერი ლიდერი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხოლოდ არჩევნებისთვის და პიარისთვის გადადგმულ ნაბიჯებად აფასებს.

„მარნეულის ქუჩებში, სამწუხაროდ, მანქანები დადიან. სამწაუხაროდ, ხელისუფლებამ მოსახლეობსი ინფორმირება ვერ მოახერხა, რომ გარეთ აღარ გამოსულიყვნენ. ჩვენ რამდენიმეჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ თუ რაიმე დახმარება გჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ ამ საქმეში.

„ეს არ არის არანაირი პოლიტიკური ღონისძიება, ეს არის საერთო საქმე და აქ უნდა ჩავერთოთ ყველა, ვისაც გვაქვს საშუალება და სურვილი, რომ ვინც არის დაავადებული, იმ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, მივაწოდოთ ყველა ის პროდუქტი, რაც არის დეზინფექციისთვის საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. 

„მარნეულში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენი მანქანა მოძრაობს ცენტრალურ ქუჩაზე. მოსახლების უმეტესობამ არ იცის რა ხდება. კარანტინი კი გამოაცხადეს, მაგრამ ზომები კიდევ უფრო გასამკაცრებელია. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, - აცხადებს ახმედ იმამკულიევი „რეზონანსთან“ საუბრისას.

სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“, რომელმაც კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, სახელმწიფოსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს თხოვნით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად გადავიდეს აზერბაიჯანულენოვან მაუწყებლობაზე. 

„ვფქრობთ, რომ მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადებას უნდა მოჰყვეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია სახელმწიფოს მხრიდან და ეს საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ შევძელით მოსახლეობის და განსაკუთრებით არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების დარწმუნება, რომ ეს ვირუსი არის ძალიან სახიფათო. სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს, რადგანაც ამის გააზრების გარეშე ამ პროცესის გაჩერება ძალიან რთული იქნება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ერთ-ერთი  ლიდერი აგილ მუსტაფაევი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თავად ქალაქ მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, თუმცა სოფლებში ასეთი ღონისძიბებეი არ მიმდინარეობს. 

„მარნეულის მუნიციპალიტეტში 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან მარნეულში - მხოლოდ 30 ათასი. სოფლებში კონტროლი თითქმის არ არის, ჯერჯერობით უჭირთ. ინფორმაციის დეფიციტია. „ფეისბუკშიც“ ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ბევრს ინტერნეტი არ აქვს. ამიტომ ყველა ოჯახში უნდა მივიდეთ, დაწვრილებით უნდა ავუხსნათ კორონავირუსის საშიშროების შესახებ. ასეთი პრევენციული ღონისძიება ადრეც უნდა გატარებულიყო, თუმცა ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მანამდე რა  და როგორ იყო“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მუსტაფაევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×