
„აფხაზეთი და საქართველო, ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, საჭიროებენ ორმხრივი მოლაპარაკების მაგიდას, სადაც ტრანსსასაზღვრო საკითხებზე საუბარს შეძლებენ“ - ეს სიტყვები აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
„ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ გვინდა თუ არა, ორივე მხარეს გვყავს კონტაქტები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარს ხშირად კვეთენ, ამიტომ საჭიროა, ის პრობლემები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, მალე გადაწყდეს“ - აცხადებს ბჟანია.
მისი თქმით, ორმხრივი დიალოგის გამართვისთვის ცვლილებებია საჭირო და ამით პირველ რიგში გულისხმობს ისეთი ტიპის მოლაპარაკებას, რომელიც ჟენევის ფორმატის მსგავსი იქნება, ოღონდ ეს მოლაპარაკებები გაიმართება ორ მხარეს შორის. იმას, თუ კონკრეტულად სად უნდა შეხვდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები ერთმანეთს, პასუხობს: „აქ, საზღვარზე, ან სადმე სხვაგან. პრობლემები ყოველდღიურია“.
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ზოგადად ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებისადმი არასწორი მიდგომა აქვს.
„პირდაპირი მოლაპარაკებები აუცილებელია. დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზურ მხარესთან საუბარი მისი აღიარება ჰგონია, რადგან არ აქვს გამოცდილება კონფლიქტებში. როდესაც ადრე ბჟანიამ იგივე რამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟენევის ფორმატისკენ მიუთითა მას და უთხრა - თუ რამეზე საუბარი უნდოდა აფხაზურ მხარეს, განეხილა სწორედ ჟენევის ფორმატში.
„ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებები. ახლა მძიმე დრო გვიდგას და არჩევნებიც კარსაა მომდგარი, ამიტომ სიტუაცია რთულია, თუმცა ვნახოთ რა კომენტარს გააკეთებს ქართული მხარე ბჟანიას შეთავაზებაზე“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, 22 მარტს აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ ხმების 56.5%-ით გაიმარჯვა. მის მთავარ ოპონენტ ადგურ არძინბას კი 35.42% ჰქონდა.