ეროვნული ბანკი ინტერენციებს გაახშირებს და ეცდება ბაზარზე აჟიოტაჟი მთლიანად აღკვეთოს
თამარ მუკბანიანი
27.03.2020

ლარი ბოლო 24 საათის განმავლობაში 20 თეთრით გამყარდა. იქამდე კი, ეროვნულმა ვალუტამ ყველა ანტირეკორდი მოხსნა და ფსიქოლოგიური ნიშნული მთლიანად მოსპო. რა ამყარებს და აუფასურებს ლარს ამ მასშტაბით და რა როლი აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სტაბილიზაციაში? უკვე შეიძლება ითქვას, რომ სებ-ი საკუთარ შესაძლებლობას დროულად არ იყენებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 29 მარტისათვის 3.2896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 3.4842 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 19,5 თეთრი შეადგინა. 

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მან დაბეჟითებით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე ინტერვენციებს გაახშირებს და ეს მოხდება როგორც ტრადიციულად, აუქციონის ფორმით, ისე პირდაპირი გზით. ეს არ გულისხმობს, რომ არსებობს რაიმე მიზნობრივი კურსი, რომლის შენარჩუნებასაც ეროვნული ბანკი ცდილობს - მას თავისუფალი ბაზარი დაადგენს.

კითხვაზე, თუ რამდენის დახარჯვას აპირებს ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებისთვის, პაპუნა ლეჟავამ უპასუხა, რომ წინასწარ ხარჯვის თანხა განსაზღვრული არ არის, თუმცა არც რამე ლიმიტი არსებობს. ეროვნულ ბანკს 3.5 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს და, ამასთან, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ იქნება დახმარება დონორების მხრიდან. როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილიც მოხვდება სავალუტო ბაზარზე.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რამტომ მყარდება და უფასურდება ეროვნული ვალუტა ამ ტემპებით, რა იწვევს და რამდენად აზარალებს ბაზარს მკვეთრი მერყეობა, რომელიც სპეციალისტების თქმით, არავითარ ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება. საბანკო სფეროს სპეციალისტი, გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ როგორც გაუფასურება ისევე მკვეთრი გამყარება სავალუტო ბაზარს ანგრევს.

"ასეთი სწრაფი გამყარებაც ისეთივე პრობლემას წარმოადგენს, როგორსაც გაუფასურება. ეს, კიდევ მეტად აფრთხობს ბაზრის მონაწილეებს. ფაქტია, ბევრი რამ ფუჭდება. ეს არის სავალუტო შემოდინებების წყაროები, რომელიც მცირდება. ასევე ექსპორტის მხრივაც რთულად იქნება საქმე, ხოლო და რეექსპორტი სავარაუდოდ, სრულად გაჩერდება. ამიტომ ეროვნულ ბანკს მოუწევს, როგორც საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, ასევე სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება, რათა შეამციროს ზეწოლა ლარზე და ხელი შეუშალოს ინფლაციურ პროცესებს. 

სებ-ს კვლავ მოუწევს რეზერვების გაყიდვა, გამომდინარე იქედან, რომ სავალუტო შემოდინებები მცირდება. მთავარია, რეზერვები თანაბარ-ზომიერად გამოიყენოს და არა ისე, როგორც ახლა აკეთებს ამას. როცა ერთ კვირაში ყიდის 40 მლნ-ს და მერე ისევ დიდ გაუფასურებას ელოდება. მთავარია, ახლა აჟიოტაჟური მოთხოვნა არ იყოს დოლარზე და ამაში სებ-ს ლომის წილი აქვს“, - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ. 

სავალუტო ბაზრის რყევებში კორონავირუსს მხოლოდ გამამძაფრებლის როლი ჰქონდა. საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტის, პროფესორ ლია ელიავას თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შეიძლება ამ მასშტაბით არა, მაგრამ მაინც გარდაუვალი იყო. 

,,ლარის კრუსზე, მოქმედებს ერთადერთი რამ, ეს არის კომერციული ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ნაწილობრივ ბოლო მერყეობა მართლაც იყო გამოწვეული კორონავირუსის გავლენით, თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს ბოლო წლების სავალუტო რყევები, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონია ეკონომიკურ ფაქტორებთან. 

ახლა მსოფლიო პანდემიამ უფრო მკვეთრი ვარნა გამოიწვია, თორემ პროცესი მაინც იქნებოდა, უბრალოდ ამ დოზით არა.  რაც შეეხება სების მიერ გაყიდულ 100 მლნ-ს ბოლო ერთ კვირაში, ეს ნიშნავს, რომ მან კომერციულ ბანკებს აუნაზღაურა სავალუტო შიმშილი და შესაბამისად, მოთხოვნა დოლარზე შემცირდა და ლარი გამყარდა. ანუ ეს უმარტივესი მექანიზმია. 

როცა სპეციალისტები ვამბობთ,რომ ინტერვენციები დროულად უნდა მოხდეს, ცენტრალურ ბანკში ყურს არავინ იბერტყავს და სიტუაციიის ბოლომდე გაფუჭებას ელოდებიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სებს რეზერვები სწორედ ასეთი ფორსმაჟორისთვის აქვს“, - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ. 

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×