თამთა ჩაჩანიძე
28.03.2020

რუსეთში მოქმედი უმსხვილესი ქართული სათვისტომო - „ფედერალური ქართული ნაციონალ-კულტურული ავტონომია" - საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. მათი ცნობით, განსაკუთრებით საჩქაროა იმ ქართველების დახმარება, ვინც, რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევისთვის, ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, იზოლატორებში მოხვდა.

აღნიშნული მიმართვა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი წურწუმია.

მისი ინფორმაციით, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლების ვადის გახანრგძლივების საშუალება მიეცათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელთაც ეს ვადები ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე აღმოაჩნდათ დარღვეული, ამჟამად სპეციალიზებულ ცენტრებსა და იზოლატორებში იმყოფებიან. სათვისტომო მათ კოსნულტაციებით ეხმარება თუმცა ამ კატეგორიის ადამიანების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება არ შეუძლია.

„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისა და ავიამიმოსვლის არარსებობის მიუხედავად, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას ჩარტერული რეისის ორგანიზება სამშობლოში საქართველოს იმ მოქალაქეთა დასაბრუნებლად, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდნენ?" - წერს წურწუმია მიმართვაში.

წერილში არ არის მითითებული საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც იზოლატორებში იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ. ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×