
„რა თქმა უნდა ვემხრობი ლოზუნგს, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ ამ ტიპის საჯარო განცხადებების არ მჯერა. თანაც ამ მძიმე ვითარებაში პოლიტიკური პოპულიზმის დრო არ არის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მთავრობისადმი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე და ხელისუფლების უარს.
„ნაციონალური მოძრაობის" დიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ, რომელმაც უარი თქვა სამაშველო ოპერაციაზე, უარი უთხრა არა „ნაცონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს, არამედ უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე. მისი თქმით, მთავრობას პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რატომ გამოიჩინა ასეთი გულგრილობა მაშინ, როცა ყველა სახელმწიფო ამას აკეთებს და მოუწოდებს ხელისუფლებას კარგად დაფიქრდეს და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
„ხელისუფლება ვალდებულია დააბრუნოს თავისი მოქალაქეები და ამას ცდილობს კიდეც. მთავრობა ვალდებულია ითანამშრომლოს ყველასთან, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი.
„პირადად მე ასეთი საჯარო განცხადებების საჯარო სივრცეში გაკეთების არ მჯერა. დასხდნენ ერთად და ყველაფერი ზედმიწევთნით შეათანხმონ. თუ ამის შემდეგ ხელისუფლება იტყვის უარს, მაშინ გააკეთონ კრიტიკული განცხადებები. იგივე ზუგდიდის აქცია, რომელიც ჩემი აზრით, იყო სიბრიყვე - ოპოზიციას შეეძლო წინასწარ შეეთანხმებინა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ ატარებდა ასეთ აქციას და წესრიგის ორგანიზება მოეხდინა ადგილობრივ ორგანოებს.
„დღეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური პოპულიზმის დრო. მძიმე ვითარებაა. მოწოდება კარგია, მაგრამ ამან დამატებითი ტექნიკური სიძნელეები არ უნდა შექმნას. რისი რესურსი აქვს სააკაშვილს, არ ვიცი, მაგრამ რომც ჰქონდს, მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულად მოხდება", - განაცხადა „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.