
„არც ერთი დაავადების შემთხვევის გამხელა არ უნდა იყოს საჯარო... არსებობს სპეციალური ეპიდემიოლოგიური სამსახურები, რომელიც გამოკითხავს დაინფიცირებულ ადამიანს და კრებს ღრმა ანამნეზს, რის შემდეგაც იმ ადამიანს, ვინც საფრთხის ქვეშაა, თავად ურეკავენ და აგებინებენ ამ ინფორმაციას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, რომ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა კონკრეტული პირადი ინფორმაცია ოფიციალურად გასაჯაროვდეს.
სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა ვინაობა, ან, სულ მცირე, მათი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების მისამართით. მათი შეფასებით, მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ხომ არ ცხოვრობს ან მუშაობს მათ მახლობლად სახიფათო ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის გამოცხადება ეპიდემიის გავრცელების შეჩერებასაც შეუწყობს ხელს.
ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი შეფასებით, ამით არც ვირუსის გავრცელება შეჩერდება.
„რა თქმა უნდა, არა! საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რადგან ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისი დაავადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს მხოლოდ მას და გადასცეს ეს ცნობები იმ პირებს, რომლეთაც ჩათვლის საჭიროდ.
„არც ერთი დაავადების შემთხვევის გამხელა არ უნდა იყოს საჯარო, იქნება ეს უბრალო გრიპი, თუ ნებისმიერი სხვა დაავადება - ყველაფერი თავად ადამიანზეა დამოკიდებული", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტის განმარტებით, დაავადებულთა პირადი ინფორმაციის გამხელა კორონავირუსის უფრო მეტად შეკავებას ვერ მოახერხებს, ხოლო იმ პირთა დასაცავად, ვისაც კონტაქტი ჰქონდა რომელიმე ინფიცირებულთან, სპეციალური სამსახურები არსებობს, რომლებიც აკონტროლებენ მათს მდგომარეობას:
„ამისთვის არსებობს სპეციალური ეპიდემიოლოგიური სამსახურები, რომელიც გამოკითხავს დაინფიცირებულ ადამიანს, კრებს ღრმა ანამნეზს და შემდეგ ყველა იმ ადამიანს, ვინც საფრთხის ქვეშაა, თავად ურეკავენ და აგებინებენ ამ ინფორმაციას. ოღონდ ეს ხდება იმ სპეციალიზირებული სამსახურების მუშაკების მიერ. შესაბამისად, საჯარო ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს.
„თუ ეპიდემიოლოგიური სამსახურები იმუშავებს კარგად, ამ შემთხვევაში არ არის ეგ (დაინფიცირებულების პირადი ინფორმაციის გასაჯაროება - რედ.) საჭირო. ანუ, მოხერხდება, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რისკის ქვეშაა, მიეწოდოს ეს ინფორმაცია სპეციალისტების მიერ. დაავადების გასაჯაროება, ზოგადად, არასდროს არაა სწორი", - განმარტა გოგინავამ.