ალექსანდრე კორტავა
29.03.2020

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად, ტრადიციული საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა დამოუწოდა, ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„თავი შეიკავეთ ეკლესიების მონახულებისგან. მე ამას არასდროს ვიტყოდი, რომ არა მარიამ ეგვიპტელის გასაოცარი, წმინდა მაგალითი. სწორედ მარიამ ეგვიპტელის მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ეკლესიაში არწასვლითაც შეიძლება ხსნა“ - ამბობს რუსეთის პატრიარქი კირილი.

რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსები ბოლომდე კიდევ ვერ აცნობიერებენ, თუ რა ხდება იტალიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც კორონავირუსისგან დაზარალებულთა ყველაზე დიდი რიცხვია.

„ეკლესია მოქალაქეებს მოუწოდებს ვალდებულება შეასრულონ და მკაცრად დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის სანიტარული ორგანოების მიერ არის შემოთავაზებული. მოდით, ავიღოთ ვალდებულება და არ გამოვიდეთ საკუთარი სახლებიდან, როგორც მარიამ ეგვიპტელმა აიღო ვალდებულება, არ დაეტოვებინა უდაბნო“, - დასძინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველმა იერარქმა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მსოფლიოში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ უკვე შეცვალა ღვთისმსახურების ტრადიციული წესები და ბევრ მათგანში მრევლისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოლექტიური ღვთისმსახურება 28 მარტს შეაჩერა. მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ მსახურებებს ტელევიზიასა და ინტერნეტში უყურონ, უშუალოდ ეკლესიაში კი ამ დროს მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

23 მარტს რუმინეთის ეკლესიამ გადაწყვიტა, მსახურება სამოქალაქო პირების დასწრების გარეშე ჩაეტარებინა. საეკლესიო რიტუალები ტელევიზიით გადაიცემა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ და ეკლესიამაც მსახურების წესის დროებით ცვლილებამდე საზოგადოებას მოუწოდა თავი შეეკავებინა ხატებზე კოცნისგან და ამასთან, ზიარება მიეღოთ არა საერთო, არამედ პირადი კოვზიდან.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, კირიაკოს მიტსოთაკისმა ყველა რელიგიური ორგანიზაციის მუშაობა 17 მარტს შეაჩერა. მან სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ ეკლესიები ღია იქნება მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისთვის.

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტადიადესმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მკაცრი ზომები 24 მარტს მიიღო. იმის გარდა, რომ კვიპროსზე 18:00 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია და დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის თითქმის ყველა ადგილი, ასევე აკრძალულია ეკლესიაში სიარული.

21 მარტს ბულგარეთის ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თუმცა ინდივიდუალური ლოცვებისთვის ეკლესია დახურული არ იქნება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკრძალა ტაძრებში მრევლის დასწრება. წირვა-ლოცვას ესწრებიან მხოლოდ საეკლესიო პირები და მგალობლები. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ ეს გადაწყვეტილება 24 მარტს მიიღო.

ეს ყველაფერი მართლმადიდებელ სამყაროში უდიდესი დღესასწაულის - აღდგომის მოახლოების ფონზე ხდება, იერუსალიმში კი ქრისტეს აღდგომის ტაძარი 25 მარტს ერთი კვირით დაიკეტა. ჯერ კიდევ უცნობია, გაიღება თუ არა ტაძარი მომავალი კვირიდან და შესაბამისად,როგორ შეხვდება იერუსალიმი და მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს როგორ შესრულდება აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიციული რიტუალი.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ღვთისმსახურების წესებში ჯერჯერობით რაიმე ცვლილება არ შეუტანია და არც მორწმუნეებზე გაცემული რაიმე რეკომენდაცია ტაძრებში სიარულთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×