
30 მარტს მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა. როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანაში სიტუაცია კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით იმაზე სავალალო ვითარებაა, ვიდრე ამაზე კრემლი ღიად საუბრობს.
ბიბისის მოსკოვის ბიუროს ინფორმაციით, დედაქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი დაწესდა. ქალაქის მცხოვრებლებს ბინის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევებში შეუძლიათ, თუკი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სხვა პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ; გამგზავრება სამუშაოდ, თუ სამსახურში წასვლა აუცილებელია; ასევე, მაღაზიაში სურსათის საყიდლად ან აფთიაქში წამლის შესაძენად; ფეხით შინაური ცხოველების გასეირნება კი საცხოვრებელი ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში შეიძლება. სახლიდან გასვლა ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ნაგვის გატანის შემთხვევაში შეუძლიათ.
მოსკოვის მერმა ქალაქის მცხოვრებლებს ასევე აღუთქვა, რომ ”ჭკვიანი კონტროლის სისტემა” კარანტინის წესებს დაიცავს და მათ გააკონტროლებენ.
ქუჩაში, მაღაზიებში, ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაიცვან სოციალური დაშორება მინიმუმ 1.5 მეტრზე. გამონაკლისი მხოლოდ ტაქსით მგზავრობსი დროს იქნება. მაღაზიები, აფთიაქები და სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სოციალური დისტანციის დაცვა.
მოსკოვის ხელისუფლება უმუშევრებს ფულადი თანხით დაეხმარება. შეღავათების საერთო ოდენობა თვეში 19,500 რუბლი იქნება.
“რეზონანსი“ მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ანა გოგიას ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთში საკამოდ მძიმე ინფორმაცია ვრცელდება და რამდენიმე კვირის განმავლობაში კრემლი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვს მალავდა. გოგია ამბობს, რომ არც მედიით და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხალხის ინფორმირება არ ხდებოდა. საავადმყოფოებში კი ამბობენ, რომ ექიმები დაინფიცირებულები არიან და მათ ამ ამბის გახმაურებას უკრძალავენ.
ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ საჯარო პირებმა ვისაც რეალური ინფორმაცი აქვთ მოსკოვიდანა და სხვა დიდი ქალაქებიდან ოჯახის წევრები აგარაკებზე გახიზნეს. ასევე, მაღაზიებში არ არის საკვების მარაგი და ქვეყანაში გარკვეული პანიკა შეიმჩნევა.მოსკოვში სამხედროები და მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს . მოსახლეობას კი სახლებიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევენ.
„მოსკოვში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ორშაბათს სრული კარანტინი გამოცხადდა და გარეთ არავის გვიშვებენ. თავიდან ინფორმაციას მალავდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენთან კორონავირუსის შემთხვევბი არ არისო. ასეთ პაციენტებს თურმე როგორც ჩვეულებრივი გრიპით დაავადებულებს ისე ასაღებდნენ. მეზობელი მყავს ექიმი და მან მომიყვა, რომ საავადმყოფოებში სრული განუკითხაობააო. არანაირი ტესტები იქ არ კეთდება და ვინ ვისგან დაინფიცირდა ეს ხომ საერთოდ არ იციან. თავად ექიმებიც დაინფიცირებულები არიან. ფაქტობრივად იტალიის და ირანის სიტუაციაა. საავადმყოფოს მედპერსონალს ღიად ამაზე საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევენ და სახლში გზავნიან, რათა თვითიზოლაციაში იყვნენ. ახლა კი ამბობენ, რომ რაოდენობა დაინფიცირებულების ძალიან დიდია და იძულებულები გახდნენ, რომ კარანტინი გამოეცხადებინათ. მაღაზიაში საკვების მარაგები არ არის, ხალხმა დაიტაცა.
როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, აქ ვირუსით სულ მცირე 1600 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 130-180 ათასი ადამიანი. იძულებულები გახდნენ, რომ ამაზე უკვე ხმამაღლა ისუბრონ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გოგია.
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა. როგორც ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა.