თამარ შუკვანი
30.03.2020

ახალი კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების გამო ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში ტესტების შემოტანას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომაც დახმარებას სთავაზობს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპიზიციამ სხვა გასაკრიტიკებელი თემა ვერ მოძებნა და აქცენტს ტესტებზე აკეთებს, რაც მათი ანტიპიარკამპანიის ნაწილია: „ინსტრუქცია აქვთ, მოწოდება, ან ჩვევა, რომ ყველაზე და ყველაფერზე ცუდი თქვან: ივანიშვილზე, რომ ფულს აკეთებს, ექიმებზე, რომ კომპეტენტურები არ არიან და ა.შ."

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების საკითხი, განხილვის მთავარ თემად მას შემდეგ იქცა, რაც ჩინეთიდან შემოტანილი ტესტების ვარგისიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და საქართველომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას თქმით კი, ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების შემოტანა იმიტომ ვერ უზრუნველყო, რომ „ვერ გადაწყდა, ივანიშვილის რომელმა კლასტერმა გააკეთოს ფული." ამ საკითხის აქცენტირება იმით აიხსნება, რომ „სხვა ყველაფერი გაკეთდა და აგრესიის გადმოტანის საბაბს არაფერი იძლევა."

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორჯერ მეტია და სტატისტიკას აყალბებენ. პარალელურად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ის მდგომარეობა, რაც ჩვენი ქართველი მედიკოსებისა და მთავრობის ნაბიჯების შედეგად არის დღეს ქვეყანაში, სატრაბახო სულაც არ არის და ამ მხრივ ბევრი სუსტი ქვეყანა გვჯობნის. ამის შესახებ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს;

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის და ზოგადად, პროოპოზიციურად განწყობილი პირების რიტორიკა უცვლელია, რომ ყველა და ყველაფერი აკრიტიკონ. სწრაფ ტესტებზე აქცენტი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ სხვა საქილიკო ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ მოძებნა.

„ქვეყანაში ოპოზიციას სიძულვილის ენა აქვს. ექიმების, რომელთაც ტაშს უკრავს საქართველო, იმათ მიმართაც სიძულვილის ენას იყენებენ. ინსტრუქცია აქვთ, მოწოდება, ან ჩვევა, რომ ყველაზე და ყველაფერზე ცუდი თქვან: ივანიშვილზე, რომ ფულს აკეთებს, ექიმებზე, რომ კომპეტენტურები არ არიან და ა.შ. ამ მიზეზით აირჩიეს ტესტების თემა, რადგან სხვა ყველაფერ გაკეთდა, აგრესიის გადმოტანის საბაბს არაფერი იძლევა და რაღაცაში ხომ უნდა იყვნენ აგრესიულები? - ამ სწრაფი ტესტების გამო იწყებენ კბენას.

„სწორედ ეს განსხვავებაა ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის" სტილს შორის. ამჟამინდელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა გახარიას ვგულისხმობ, ორიენტაციას იღებს უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების გამოცდილებაზე და მათ მიჰყვება.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ყოველთვის აქვს იმის პრეტენზია, რომ თვითონ იცის. მათ დროსაც ასე იყო და დღესაც, რომ „უკეთესად იციან." მათი შეცდომის შედეგად „ორი ტრუპი" გაჩნდება თუ არა, ეს არ აინტერესებთ. სწორედ ამ მორალის ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. ის ადამიანებიც, ვინც დღეს ოპოზიციას ემხრობიან, ამ მორალის არიან," - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×