
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საფრთხის გამო, 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბაზრები და კვების ობიექტები, აიკრძალა თავშეყრა, ღონისძიებები, ქორწილები, გალში კი დამატებით კომენდანტის საათიც ამოქმედდა, რომელიც შუაღამიდან დილის ექვს საათამდე გაგრძელდება.
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს. კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. უწყებათაშორისი შტაბი მოქალაქეებს სახლში დარჩენის აუცილებლობის შესახებ მოუწოდებს.
გალის ქვედა ზონის სოფელ გაგიდის მცხოვრები „რეზონანსს" გალში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს:
„საზღვარი ყველა მხრიდან ჩაკეტილია, ხალხი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც ვერ ახერხებს გალიდან გასვლას. რამდენიმე შემთხვევა იყო, ზუგდიდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადავიდნენ ადგილობრივები ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და უკან არ შემოუშვეს. კომენდანტის საათის დაწესებამ კი სახლებში გამოგვკეტა. წინასწარ გაგვაფრთხილეს და ცოტა პროდუქტი მოვიმარაგეთ. ყველაფერი ისეთი ძვირი იყო, 1 კვირის სამყოფიც ვერ ვიყიდეთ.
„ერთმანეთის დახმარებით შიძლება თავი გავიტანოთ და შიმშილით არ დავიხოცოთ, მაგრამ კორონავირუსის დაფიქსირების 1 ფაქტიც საკმარისია, რომ პანიკა ატყდეს. აქ ელემენტარული პირობებიც არ არის, რომ მძიმე ავადმყოფებს უმკურნალონ. რა გვეშველება, არ ვიცით. მართალია, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, რომ უმკურნალებენ, მაგრამ არ ვიცი, აქაური ადმინისტრაცია მიიღებს თუ არა ამ დახმარებას. რისკის ქვეშ ვართ.
„საღამოს 6 საათზე ყველაფერი იკეტება, ღამის საათებში კი გადაადგილება იკრძალება და სახლებში ვიკეტებით. ცუდი ვითარებაა. რუსებმა კომენდანტის საათი დაგვიწესეს, მაგრამ თვითონ უპრობლემოდ გადაადგილდებიან. ამასობაში რუსეთში კორონავირუსია, თუ საფრთხე ვინმესგან გველის, ისევ რუსები არიან, ელემენტარული დაცულობაც არ არის. მოსაჩვენებელი აკრძალვებია, მხოლოდ ქართველის მოსახლეობისთვის დაწესებული..."-განაცხადა გალის მკვიდრმა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან ამბობს, რომ აფხაზეთში ინფექციის თვალსაზრისით რთული სიტუაციაა, რუსეთისგან დახმარება არ მიუღია და თბილისის დახმარებაზეც უარს ამბობს.
„მეც ეს ინფორმაცია მაქვს, მაგრამ პრინციპში ეს სიტუაციას ვერ შეცვლის იმიტომ, რომ მგონია, რომ ინფექცია აფხაზეთში უკვე არის, აქედან გამომდინარე ეს ზომები დაგვიანებულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთში სამედიცინო ინფრასტრუქტურა ძალიან დაბალ დონეზეა, საინფექციო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად ნულის ტოლია, ვვარაუდობ, რომ აფხაზეთში ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნება.
„ინფექციის დადასტურებული შემთხვევები აფხაზეთში არ არის, მაგრამ როგორ უნდა დაადასტურო, როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გაქვს? თუ არაფერი გაქვს ვერაფრით ვერ დადასტურება ხომ? როდესაც ტესტი არ გაქვს, როგორ უნდა დაადასტურო?
„საქართველოს მთავრობამ რაც შეეძლო დახმარება, გვერდში დგომა შესთავაზა,მაგრამ აფხაზურმა მხარემ ეს ჯერჯერობით არ მოინდომა, გულრიფშის საავადმყოფოს მთავრი ექიმის, ზურაბ აჩბას განცხადებას თუ დავეყრდნობით, ერთის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა და მეორეს მხრივ რუსეთიდან პრაქტიკულად არანაირი დახმარება არაა.
„საქართველოს კი შეუძლია დახმარება კიდევ ერთხელ შესთავაზოს, ვხედავთ, რომ ერთი ავადმყოფი უკვე გადმოვიდა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შეთავაზება... შეთავაზება..."-განაცხადა არეშიძემ.